ალექსანდრე მაისურაძე - ნატო (NATO) ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ნატო (NATO) ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ქვეყანაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ალიანსსა და საქართველოს შორის შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან ეფექტურად, დინამიკურად და მიზანმიმართულად ვითარდება.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს – ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი, ამავდროულად ეს არის ტაქტიკურ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ნატო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მხარს უჭერს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობას, ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სააბორდაჟო ჯგუფები ერთ-ერთი კომპონენტია, გარდა ამისა, საუბარია ინფორმაციის გაცვლაზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვისა და ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშრომლობაზე. ასე რომ, შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან ეფექტურად, დინამიკურად და მიზანმიმართულად ვითარდება“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 3-4 ოქტომბერს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.