ალექსანდრე მაისურაძე - განიხილება ახალი ინიციატივები, რომელიც უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას
განიხილება ახალი ინიციატივები, რომელიც კიდევ უფრო შეავსებს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სამივე კომპონენტში, როგორიც არის ჰაერი, ზღვა და ხმელეთი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება როგორც ჰაერში, ისე ხმელეთზე, ისე საზღვაო კომპონენტები. როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარეობს უკვე შეთანხმებულ ელემენტებზე შესრულების აქტიური მონიტორინგი და ასევე განიხილება ახალი ინიციატივები, რომელიც კიდევ უფრო შეავსებს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სამივე კომპონენტში, როგორიც არის ჰაერი, ზღვა და ხმელეთი“,- აღნიშნა მაისურაძემ.
კითხვაზე, ახალ კომპონენტებში იგულისხმება თუ არა ფლოტის კიდევ უფრო გაძლიერება იგულისხმება და რას უნდა ელოდოს საქართველი, მაისურაძე პასუხობს:
„საქართველოს გააჩნია სანაპირო დაცვის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი და ჩვენ ვმუშაობთ სანაპირო დაცვის კიდევ უფრო სრულყოფაზე და მისი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რათა შეგვეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავება“,- განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა. საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.