ალექსანდრე დარახველიძე - ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიასა და ე.წ. უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა
ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიასა და ე.წ. უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დახასიათება, რომელსაც გზავნის პენიტენციური დაწესებულება, სხვადასხვა კრიტერიუმს მოიცავს და არ ფასდება, როგორც დადებითი ან უარყოფითი.
„დახასიათება, რომელიც იგზავნება შეწყალების კომისიაში და ე.წ. უდოს კომისიაში, არის იდენტური. ზუსტად იგივე ინფორმაცია გამოგზავნეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება ორივეგან. ექვსჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, კანონით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, ბაქრაძის საკითხი სულ ცხრაჯერ განიხილეს, ექვს შემთხვევაში, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, სამ შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე. მას ყველა ჯერზე ეთქვა უარი.
„დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით, არც უარყოფით დახასიათებას. ის შეიცავს იმ ობიექტური გარემოებების აღწერას, რომელიც გამოიხატა მსჯავრდებულის მიერ – თუ როგორ იცავდა სასჯელის მოხდის პერიოდში დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, როგორ ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში და რა აღნიშნა ფსიქოლოგთან. სწორედ ეს ინფორმაცია იგზავნებოდა. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმ მასალებით, რაც იქნა გამოგზავნილი, მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება. დანაშაულის ხასიათი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი – იმ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მთავარი კრიტერიუმები. პატიმრის ქცევა ციხეში არ არის საკმარისი. სამინისტრო გრძნობს პასუხისმგებლობას. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. არანაირ ე.წ. საიდუმლო ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, განსაზღვრულია შესაბამისი პროცედურები. თუ მსჯავრდებულის შეწყალებაზე მიმართავენ კომისიას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეგზავნება მოთხოვნა მსჯავრდებულის დახასიათებაზე.
„დამატებით რაიმე თუ შეიცვლება, დაწესებულება ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია კომისიას, მაგალითად, თუ წახალისება ან გადაცდომა ექნება მსჯავრდებულს. მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე კი, არც დასჯილი იყო, არც წახალისებული. ერთი თვით ადრე იყო ერთ-ერთი ჩვენი უარი და ამის შემდეგ მოხდა შეწყალება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.
ამასთან, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელ ზვიად ქორიძეს აინტერესებს, ე.წ. უდოს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე თუ ექვსჯერ უთხრა უარი, რატომ მიიღო სამინისტროსგან კომისიამ მის შესახებ დადებითი დახასიათებები.
ე.წ უდოს კომისია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოა, რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
ვეფხია ბაქრაძე 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული. ყოფილმა მამინაცვალმა, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული 14 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბაქრაძე ოჯახური ძალადობის ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის მაისში დატოვა.