ზვიად ქორიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს, რატომ მიიღო უწყებისგან შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის დადებითი დახასიათება  
ზვიად ქორიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს, რატომ მიიღო უწყებისგან შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის დადებითი დახასიათება  

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელ ზვიად ქორიძეს აინტერესებს, ე.წ. უდოს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე თუ ექვსჯერ უთხრა უარი, რატომ მიიღო სამინისტროსგან კომისიამ მის შესახებ დადებითი დახასიათებები.

კითხვაზე – შეიყვანა თუ არა შეწყალების კომისია შეცდომაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ზვიად ქორიძის განცხადებით, ეს კითხვა უმჯობესია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაუსვან.

მისი განმარტებით, როდესაც პრეზიდენტმა ვეფხია ბაქრაძეს სასჯელი გაუნახევრა, მას მოსახდელად დარჩა პატიმრობის 7 თვე. შესაბამისად, ბაქრაძეს შესაძლებლობა ჰქონდა საპატიმრო ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მიემართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის არა ერთჯერადად, არამედ ყოველ თვე.

„ეს ექვსი უარი ნიშნავს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვეფხია ბაქრაძე მიმართავდა უდოს კომისიას და ექვსჯერვე მიიღო უარი. როგორც გუშინ სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ საჯაროდ, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ კითხვა თქვენ კი არა, ჩვენ გვიჩნდება – თუ უარყოფითად ხასიათდებოდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სამინისტროდან, რა ეს განგებ გააკეთეს? – განაცხადა ქორიძემ.

მისი თქმით, შეწყალების კომისიას ე.წ. უდოს კომისიის მუშაობასთან არანაირი შეხება არ აქვს.

„უდოს კომისია არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია. ეს არის მექანიზმი, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში, იგი იკრიბება ყოველთვიურად და მის მუშაობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რომელიც გვიგზავნის ამ ცნობას. ეს არ არის ერთი პატარა ნაგლეჯი, რომელზეც იწერება დახასიათებები და განაჩენები“, – განაცხადა ქორიძემ.

მისი თქმით, კომისია უწყების მიერ მიწოდებულ ყველა ცნობას დეტალურად ეცნობა და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან სხვა კომუნიკაცია არ აქვს.

„ხაზს ვუსვამ, რომ უარყოფითი დახასიათება თუ მოვიდა, ამას პირდაპირ წერს სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელობა, რომ მსჯავრდებული ხასიათდება უარყოფითად, ასეთი მსჯავრდებულის საქმე კომისიაზე საერთოდ არ გამოდის“, – განაცხადა ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.  ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით, ბაქრაძე ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული,  პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის მაისში დატოვა.