სასჯელაღსრულების სამინისტრო  - პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
სასჯელაღსრულების სამინისტრო  - პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ იზიარებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“  მითითებულ დასკვნებს.

უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, ციხის ევროპულ და ქალ პატიმართა მიმართ მოპყრობის წესებთან, ასევე ევროპის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან.

უწყების ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა ასევე მიღებული და დანერგილია არაერთ წამყვან ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი ირლანდია და სხვა.

„ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა მიღებისა და შემოწმების პროცედურა.

პატიმარს სრული შემოწმება უტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტოვებს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიას და კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან (სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გაყვანა, დაწესებულების დროებით დატოვება 3 წლის ასაკის შვილის მონახულების გამო და სხვა). შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურა მკაცრადაა რეგლამენტირებული პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით. აღნიშნული პროცედურის თანახმად, პატიმარი შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს – სკანერის გამოყენებით, თუ ნაწილობრივი გაშიშვლების გზით. N5 პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკანერის აპარატით, რომლითაც ხორციელდება შემოწმება.

„პრაქტიკის ანალიზი და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს აკეთებს სკანერით შემოწმებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოდ მოითხოვს, დაწესებულებაში მოთავსების დროს მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი სათანადო წესით აღწერა/დაფიქსირება ექიმის მიერ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სხეულის დათვალიერების გარეშე“, – აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრობლემაზე  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი.