ალექსანდრ ვუჩიჩი - ჩვენ არც რუსეთის, არც აშშ-ს სამსახურში არ ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ინტერესები
ალექსანდრ ვუჩიჩი - ჩვენ არც რუსეთის, არც აშშ-ს სამსახურში არ ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ინტერესები

ჩვენ არც რუსეთის, არც ამერიკის შეერთებული შტატების სამსახურში არ ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან  დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სერბეთს ისე, როგორც უკრაინას უჭერენ მხარს.

„ლიდერები როდესაც აქ დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ უკრაინის თავისუფლების აუცილებლობაზე, გაერო-ს და მისი წესდების რეზოლუციების დაცვაზე, მე ვეკითხები ჩემს თავს, რატომ არ იცავენ ისინი გაერო-ს რეზოლუციას, როდესაც საქმე ეხება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას? მსოფლიო უკრაინაზე ლაპარაკობს, სერბეთზე ლაპარაკს კი ვერავინ ბედავს. თუკი საუბრობენ, ამბობენ, თითქოს ჩვენ ბალკანეთში ომს დავიწყებთ რუსეთის დაკვეთით, ისინი ორ წელზე მეტია, ტყუიან. ჩვენ არც რუსეთის სამსახურში ვართ, არც ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ის ენდობა რეალურ და არა ცრუ ღირებულებებზე დაფუძნებულ მსოფლიოს და ფიქრობს, რომ განვითარებადი ქვეყნების ძალა, ვინც გაბედა სიმართლის თქმა, ფუნდამენტი იქნება ახალი, განსხვავებული და უკეთესი მსოფლიოსთვის.