ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტსა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსმა დიდი მწუხარებით შეიტყო ხანძრის შედეგად მსხვერპლის შესახებ ამბავი. მან ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
მომხდარის გამო, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.