ალექსანდრ ისკანდარიანი - სომხეთში სამხედრო გადატრიალება არ მოხდება, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შედეგს ვიხილავთ
ალექსანდრ ისკანდარიანი - სომხეთში სამხედრო გადატრიალება არ მოხდება, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შედეგს ვიხილავთ

სომხეთში ერთ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. ქუჩებში გამოდიან ოპოზიციისა და ქვეყნის მოქმედი მთავრობის მხარდამჭერები. შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებამ, რომელშიც მათ ქვეყნის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს. სამხედროების ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას, თანამდებობიდან გათავისუფლდეს გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი. თუმცა, სომხეთის პრეზიდენტმა ამ განკარგულებას ხელი არ მოაწერა. საპასუხოდ მმართველ პარტიაში ქვეყნის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ, ხოლო ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. 

სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანს.

როგორ შეაფასებთ დღეს სომხეთში არსებულ ვითარებას? საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან თუ პოლიტიკურ კრიზისთან?

– ეს ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება. კრიზისი დაიწყო ომში დამარცხების შემდეგ. თავდაპირველად იყო შოკი, რა დროსაც, ხალხი უბრალოდ ქუჩაში გამოვიდა. ამას მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის ფორმატის ჩამოყალიბება, რასაც დღეს ეძახიან 17 პარტიის ერთობას. ახლა კი, ჩვენ უკვე ვხედავთ განხეთქილებას მმართველ ელიტაში, კერძოდ კი, უმაღლეს სამხედრო მმართველებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის. მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვერ ვუწოდებთ. გადატრიალება მაშინ ხდება, როდესაც სამხედროებს ქუჩაში შეიარაღებული ძალები გამოჰყავთ. პრემიერის ოფისის ალყაში მოსაქცევად კი, სულ 100 კაცი იყო საჭირო, მერე გამოიყვანდნენ ტანკებს, ჯავშანმანქანებს და პრობლემა ასე მოგვარდებოდა. ასე არ მომხდარა. ჩვენ კი საქმე გვაქვს უბრალო მოწოდებასთან. მანამდე მსგავსი მოწოდებები ისმოდა ეკლესიისგან, უნივერსიტეტიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან, ჟურნალისტებისა თუ ინტელიგენციის მხრიდან. ცხადია, შეიარაღებული ძალების გენშტაბს ნამდვილად ვერ შევადარებთ ჟურნალისტებს და ხალხიც უფრო სერიოზულად უდგება ამ მიმართვას, მაგრამ, ჩემი აზრით, სამხედრო გადატრიალება არ მოხდება, რადგან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შედეგს ვიხილავთ.

მოდით, ვისაუბროთ კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე. როგორც ვიცით, სომხეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადება, რომ რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დროულად არ გამოიყენეს. ამას მოჰყვა პრემიერ ფაშინიანის პასუხი, რომ „ისკანდერები“ უვარგისი იყო და რაკეტები არ აფეთქდა. როგორ ფიქრობთ, რუსული შეიარაღების თემის წამოწევა, ხომ არ ნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთის ხელი ურევია?

– არა, არ ვფიქრობ, რომ ეს არის კრიზისის მიზეზი. ეს საბაბი იყო. დავა ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს შორის არის წმინდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ და ეს სომხეთში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ნათელია. სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანისგან იმის მოსმენა, რომ სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერები“ საბრძოლო მოქმედებებში დროულად არ გამოიყენეს, ლოგიკურია, რადგან ეს შეიარაღება სწორედ მის დროს შეიძინეს. მაშინ ეს დიდ მიღწევად დასახელდა. ამბობდნენ, რომ სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთისგან „ისკანდერები“ შეისყიდა. ექსპრეზიდენტს იმის თქმა უნდოდა, რომ შეიძინა იარაღი და მოქმედმა ხელისუფლებამ ის ვერ გამოიყენა. ფაშინიანის პასუხიც პოლიტიკური გახლდათ და რუსული შეიარაღების ტექნიკურ მახასიათებლებს არ ეხებოდა. ფაშინიანმა საპასუხო ბრალდება გააჟღერა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შექმნილი მდგომარეობა საგარეო პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკოსები სხვადასხვა თემა იყენებენ ბრალდებებისთვის. თუმცა, ეს განცხადება სამხედროებს ნამდვილად ეწყინათ. აქვე უნდა ითქვას, რომ სამხედროების მიმართ ბრალდება, რომ ცუდად იომეს და საპასუხოდ ბრალდება, რომ მთავრობამ ორგანიზებაში დაუშვა შეცდომები, ახალი არ გახლავთ. მწვავე პოლიტიკური კრიზისებისა და წაგებული ომების დროს ეს ბუნებრივი გარემოებაა.

ვინ გამოდის პრემიერ ფაშინიანის წინააღმდეგ და ჰყავს კი ოპოზიციას იმდენი მხარდამჭერი, რომ ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს?

– ეს ძალიან კარგი კითხვაა. საინტერესო იქნება პასუხის გაცემაც. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ ყალიბდება „სახალხო ფრონტის“ მსგავსი მოძრაობა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა ფაშინიანის წინააღმდეგაა. ეს არის ნეგატიურად განწყობილი ადამიანების გაერთიანება. ეს გაერთიანება არაერთგვაროვანია. ოპოზიციის მოქმედ ფორმატს მხარი დაუჭირა ორმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ქოჩარიანმა და სარგსიანმა. ეს ფორმატი გასცდა პოლიტიკურ ჩარჩოს. გავიმეორებ, რომ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოვიდნენ ეკლესია, უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და მოქმედი პრეზიდენტიც კი. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რაც სომხეთში ხდება, არის „ელიტის ამბოხი“. რეალურად, ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა, ისევე, როგორც მომხრეთა რიცხვი არ არის დიდი. სადღაც მათ შორის, ანუ შუაში არის მოქცეული ხალხიც, რომელსაც ჰიპოტეტურად სომეხ ხალხს ვუწოდებდი, ხოლო მეცნიერულად თუ განვმარტავთ, ფართო მასები ჰქვია. ეს ხალხი არის აპათიაში, გადაიღალნენ. ორ წელიწად-ნახევარში ახალი რევოლუციის მოწყობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნახეს, რა მოიტანა წინა რევოლუციამ. მათ არ სურთ და ენერგიაც არ აქვთ. ამ ხალხს არ უნდა ქუჩაში გასვლა. ისინი იმედგაცრუებული არიან. სწორედ ამ ხალხს ეყრდნობა მმართველი ძალა. ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენენ არა მათი მომხრეები, ვინც მიტინგზე გადის, არამედ ისინი, ვინც სახლში ზის. სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება რევოლუციისთვის საკმარისი რაოდენობის ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

თქვენ ფიქრობთ, რომ ფაშინიანი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება?

– ჯერ არ ვიცით, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი შეიძლება, მოლაპარაკებების დროს ჩაიკარგოს. ერთხელ ეს უკვე მოხდა. ჯერ შეიძლება მიესალმონ არჩევნების ჩატარებას, მერე იტყვიან, რომ ვიღაც არ დათანხმდა, რაღაც არ გამოვიდა. მეორე მხრივ, შეიძლება გაჩნდეს უთანხმოება არჩევნების ჩატარების პირობებზე. რომელი კანონით უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? თუ კენჭისყრა მოქმედი კანონმდებლობითა და კონსტიტუციით ჩატარდება, მაშინ ფაშინიანი გაიმარჯვებს. ეს შესაძლებელია. იქნება დაბალი აქტივობა. მობილიზებული იქნება მმართველი ძალის ელექტორატი. გამოიყენებენ ადმინისტრაციულ და საინფორმაციო რესურსს, ამას დავამატოთ ხალხის გულგრილობა, შედეგად ფაშინიანი მიიღებს 35%-ს და ეს იქნება უმრავლესობა. შეიძლება კანონის შეცვლა, თუმცა აქაც ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრი ვარიანტი არსებობს და მდგომარეობა შეიძლება, სხვადასხვანაირად შეიცვალოს, მაგრამ პრობლემები ხომ არსად ქრება. ეკონომიკური კრიზისი წინ გვაქვს, ფინანსური არასტაბილურობა კვლავაც მოსალოდნელია. უზარმაზარ ინვესტიციებს სომხეთში არავინ დააბანდებს, ვალები დაგროვდება, ყარაბაღის საკითხი არსად წავა და ა.შ. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ფაშინიანის რეიტინგების დაცემა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. არ მგონია, რომ ფაშინიანი აუცილებლად დარჩება ხელისუფლებაში, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს.

ბოლო შეკითხვა, ტრადიციულად, ომის შემდეგ ნაციონალისტური პარტიები იკრებენ ძალას. ეს სომხეთში შესამჩნევია?

– ჩვენ ჯერ შოკის მდგომაროებაში ვართ. ძველი წესრიგი მოკვდა და ახალი ჯერ არ დაბადებულა. ამიტომ არსებობს ეს ველი, რომელზეც ნაციონალისტებს მუშაობა შეუძლიათ. საერთო ჯამში, არსებობს კონსენსუსი, რომ ყარაბაღში დავმარცხდით და ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ასე უნდა დავტოვოთ, პრაქტიკულად არ არსებობს. როგორ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სხვა საქმეა. ზოგიერთი ამბობს, რომ საჭიროა არმიის და სახელმწიფოს ხელახლა აშენება, ზოგიერთი დიპლომატიურ მეთოდებს ემხრობა. ეს ველი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ერთი ნათელია, ყარაბაღის კონფლიქტი არსად გამქრალა. ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2020 წელის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის სტატუსზე არაფერს ამბობს. ეს არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ სულ მცირე ხუთი წელი იქ რუსი სამშვიდობოები იდგებიან და ეს შეთანხმება ალბათ შესრულდება, რადგან რუსები იძლევიან ყარაბაღში მცხოვრებთა ფიზიკური გადარჩენის გარანტიას, მაგრამ რა იქნება შემდეგ, უცნობია.