ალჟირის პრეზიდენტმა თანამდებობაზე მეხუთე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა და 18 აპრილს დაგეგმილი არჩევნები გადადო
ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ უარი განაცხადა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეხუთე ვადით კენჭისყრაზე და 18 აპრილს დაგეგმილი არჩევნები გადადო. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
„მეხუთე მანდატი არ იქნება და ეს საკითხი პრინციპში ჩემს წინაშე არასდროს მდგარა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩემი ასაკი არ უწყობს ხელს ალჟირელი ხალხის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას“, – ნათქვამია 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას განცხადებაში.
ალჟირის პრეზიდენტის თქმით, ახალი რესპუბლიკა ახალი თაობების ხელში აღმოჩნდება, რომლებიც ალჟირის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი სახეები იქნებიან.
„18 აპრილს არჩევნები არ იქნება. ეს გადაწყვეტილება ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაა მიღებული“, -აღნიშნულია ალჟირის პირველი პირის განცხადებაში.
ბუტეფლიკამ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს და ტექნოკრატების კაბინეტის ფორმირების პროცესს დაიწყებს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნები თარიღი განისაზღვრება საყოველთაო ნაციონალური კონფერენციის დროს, რომელიც ახალი მთავრობის ფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება.
დღესვე, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. აღნიშნული პოსტი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ნურედინ ბედუიმ დაიკავა.
ბუტეფლიკას მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ შემუშავდება კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელსაც მოსახლეობა რეფერენდუმის გზით დაამტკიცებს.
თებერვალში მმართველი კოალიციის მიერ ბუტეფლიკას კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებამ ალჟირში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.