ალჟირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ალჟირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ალჟირის დედაქალაქის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, არიან დაშავებულები. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თავის მხრივ, დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს.

ალჟირის ცენტრში ათობით ათასი ადამიანი დროებითი პრეზიდენტის აბდელქადერ ბენსალეჰისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2 აპრილს აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადადგომის მიუხედავად, მასთან დაკავშირებული მმართველი კლანი კვლავ ხელისუფლებაშია.

დღევანდელი საპროტესტო აქცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო. დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქციები იმართება ალჟირის სხვა ქალაქებშიც.