ახმეტაში, ჟალურის დასახლებაში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თავის არეში კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჯერ ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილს კონფლიქტი აქვს კრიმინალური წარსულის მქონე პირთან და არ გამორიცხავენ, რომ დღეს მათ შორის მორიგი შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.