ჩვენგან 218 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი ციცქნა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი პლანეტა სავარაუდოდ იმ სახის არის, როგორიც მზის სისტემაში საერთოდ არ გვაქვს.
ამ ეგზოპლანეტებს კეპლერ-138c და კეპლერ-138d ჰქვიათ. ორივე მათგანის რადიუსი დედამიწისაზე დაახლოებით 1,5-ჯერ მეტია და როგორც ჩანს, ორივე საკმაოდ ტენიანი პლანეტაა, აქვთ სქელი, ორთქლიანი ატმოსფერო და საოცრად ღრმა ოკეანეები, რომლებიც გარს აკრავს კლდოვან-ლითონურ წიაღს.
„აქამდე ვფიქრობდით, რომ დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტები ლითონისა და კლდის ბურთები იყო, დედამიწის ერთგვარი გადიდებული ვერსიები; სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ სუპერდედამიწებს“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტრონომი ბიორნ ბენეკე.
თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, დაამტკიცეს, რომ ეს ორი პლანეტა, კეპლერ-138c და კეპლერ-138d საკმაოდ სხვანაირი ბუნებისაა: მათი მთლიანი მოცულობის დიდი წილი სავარაუდოდ წყალს უჭირავს. ამბობს იმასაც, რომ ისინი პირველად დააკვირდნენ პლანეტებს, რომლებზეც გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ წყლიანია, იმ ტიპის პლანეტა, რომელთა არსებობის შესახებ ასტრონომები უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ.
კიდევ ერთი სხვა პლანეტის ბოლოდროინდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის შეიძლება მთლიანად წყლით დაფარული პლანეტა იყოს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევები მაინც საჭიროა. მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ კეპლერ-138-ის ორ პლანეტაზე ჩატარებული კვლევა გაცილებით დამაჯერებელია.
იმის დადგენა, თუ რისგან შედგება მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები (ანუ ეგზოპლანეტები), როგორც წესი, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. ისინი ძალიან შორსაა და ძლიერ მკრთალებია იმ ვარსკვლავებთან შედარებით, რომლებსაც გარს უვლიან; ურთულესია პირდაპირი გამოსახულებების გადაღებაც და თუნდაც ეს მოხერხდეს, ფოტოებზე არც ისე ბევრი რამ ჩანს.
ეგზოპლანეტის შემადგენლობას ძირითადად მისი სიმკვრივის საფუძველზე ვარკვევთ, რასაც თავის მხრივ, ორი საზომის გამოყენებით ანგარიშობენ — ერთი არის ორბიტაზე მოძრაობისას პლანეტის მიერ ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელება (ტრანზიტი), მეორე კი ვარსკვლავის რადიალური სიჩქარე, ანუ პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად ვარსკვლავის ოდნავი, ადგილზე რხევა.
ტრანზიტის დროს დაბლოკილი ვარსკვლავის სინათლის რაოდენობა პლანეტის ზომის შესახებ გვამცნობს, რის შედეგადაც, ვიგებთ მის რადიუსს. რადიალური სიჩქარე გამოწვეულია პლანეტის მიერ ვარსკვლავზე გრავიტაციული ზემოქმედებით, რაც აისახება ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეში ძლიერ პატარა, მაგრამ რეგულარულ შეკუმშვაში, როდესაც ვარსკვლავი ოდნავ ირხევა ადგილზე. ამ მოძრაობის სიდიდე გვამცნობს ვარსკვლავის მასას.
როდესაც იცი ობიექტის ზომა და მასა, შეგიძლია გამოთვალო მისი სიმკვრივეც.
იუპიტერის ან ნეპტუნის მსგავს გაზოვან პლანეტებს შედარებით დაბალი სიმკვრივე აქვთ. კლდოვანი პლანეტები ლითონებით არის მდიდარი და შესაბამისად, სიმკვრივეც უფრო მაღალი აქვთ. დედამიწის საშუალო სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 5,5 გრამია და ყველაზე მკვრივი პლანეტაა მთელ მზის სისტემაში; ყველაზე ნაკლებად მკვრივი კი არის სატურნი, რომლის მაჩვენებელიც 0,69 გრამია კუბურ სანტიმეტრზე.
ტრანზიტული მონაცემები აჩვენებს, რომ კეპლერ-138c-ს და და კეპლერ-138d-ს დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდი რადიუსი აქვთ; დედავარსკვლავ კეპლერ-138-ზე მათი გრავიტაციული ზემოქმედება კი მიუთითებს, რომ აქვთ დედამიწაზე 2,3-ჯერ და 2,1-ჯერ მეტი მასა. თავის მხრივ, ეს მონაცემები გვეუბნება, რომ ორივეს სიმკვრივე 3,6 გრამია კუბურ სანტიმეტრზე — ანუ სადღაც კლდოვან და გაზოვან შემადგენლობას შორის.
ეს მაჩვენებელი საკმაოდ ახლოს არის იუპიტერის მთვარე ევროპას მაჩვენებელთან, რომლის სიმკვრივეც 3 გრამია კუბურ სანტიმეტრზე. მას გარს აკრავს ყინულის ქერქი, რომლის ქვეშაც დიდი, გლობალური ოკეანეა.
„წარმოიდგინეთ იუპიტერისა და სატურნის წყლით მდიდარი მთვარეების, ევროპასა და ენცელადის დიდი ვერსიები, მაგრამ მიიტანეთ თავის ვარსკვლავებთან უფრო ახლოს. ყინულოვანი ზედაპირის ნაცვლად, კეპლერ-138c და d წყლის ორთქლის დიდ საბურველში უნდა იყვნენ გახვეული“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, კვლევის ავტორი კაროლინ პიოლე.
ჯგუფის მიერ ჩატარებული მოდელირების მიხედვით, ამ ეგზოპლანეტების მოცულობის 50 პროცენტზე მეტს წყალი უნდა შეადგენდეს; მათი ოკეანეების სიღრმე დაახლოებით 2000 კილომეტრი უნდა იყოს. შედარებისათვის გეტყვით, რომ დედამიწის ოკეანის საშუალო სიღრმე მხოლოდ 3,7 კილომეტრია.
თუმცა, კეპლერ-138c და კეპლერ-138d თავიანთ დედავარსკვლავის გარშემო გაცილებით ახლო მანძილიდან მოძრაობენ, ვიდრე დედამიწა. მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა, ცივი წითელი ჯუჯაა, ასეთი სიახლოვის გამო, ეს პლანეტები დედამიწაზე გაცილებით ცხელი უნდა იყოს. ერთ გარშემოვლას ისინი 13 და 23 დღეს ანდომებენ, შესაბამისად.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ოკეანეები და ატმოსფეროები სულ არ უნდა ჰგავდეს ჩვენსას.
„კეპლერ-138c-სა და კეპლერ-138d-ის ატმოსფეროებში ტემპერატურა სავარაუდოდ წყლის დუღილის წერტილს ზემოთ არის; ჩვენი ვარაუდით, ამ პლანეტების ატმოსფერო სქელი, მკვრივი ორთქლისგან შედგება. მხოლოდ ასეთი ატმოსფეროს ქვეშ შეიძლება იყოს თხევადი წყალი მაღალ წნევაზე, ანდაც წყალი სხვა ფაზაში, რომელიც მაღალ წნევაზე ხდება და სუპერკრიტიკულ სითხეს უწოდებენ“, — ამბობს პიოლე.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.