შარშან, მეცნიერებმა დედამიწიდან 11 სინათლის წლის მანძილზე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ პლანეტა კლდოვანია და სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. ახლახან, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ამ პლანეტის დეტალური კვლევა დაასრულა და იპოვა მტკიცებულებები, რომლებიც ამ მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს.
ამ პლანეტის სახელია როს 128 b და გარს უვლის ვარსკვლავ როს 128-ს. ბრაზილიის ეროვნული ობსერვატორიის ასტრონომ დიოგუ სოუტუს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის სამიზნე სწორედ ეს ვარსკვლავი იყო.
აშშ-ის აპაჩი-პოინტის ობსერვატორიის 2,5-მეტრიანი ტელესკოპის სპექტროგრაფ APOGEE-ს გამოყენებით, მკვლევრებმა ანალიზი ჩაუტარეს ვარსკვლავის თითქმის ინფრაწითელ სინათლეს, რათა გაერკვიათ მისი ქიმიური შემადგენლობა. ამისათვის მათ სოუტუს მიერ შარშან შემუშავებული მეთოდი გამოიყენეს.
„ბოლო დრომდე ძალიან რთული იყო ამ სახის ვარსკვლავთა დეტალური ქიმიური შემადგენლობის გარკვევა“, — ამბობს იგი.
როს 128 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესობა, დაახლოებით 70 პროცენტი, სწორედ წითელი ჯუჯაა. ისინი ჩვენს მზეზე პატარები და ცივებია. უმეტეს მათგანს ჰყავს პლანეტები.
გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ჯუჯები საკმაოდ ცივია, მათი სასიცოცხლო ზონა, ანუ მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება — ვარსკვლავთან გაცილებით ახლოს უნდა იყოს, ვიდრე დედამიწა მზესთან.
აღსანიშნავია, რომ წითელ ჯუჯათა უმეტესი ნაწილი საკმაოდ აქტიურია. მაგალითად, მზის უახლოესი მეზობელი (4,3 სინათლის წელი) ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი, რომელსაც სასიცოცხლო ზონაში ასევე ჰყავს კლდოვანი პლანეტა — საკმაოდ აქტიურია, გამოაფრქვევს პლაზმის ჭავლებს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მის რომელიმე პლანეტაზე სასიცოცხლო გარემო იყოს.
როს 128 უიშვიათესად არააქტიური წითელი ჯუჯაა, მინიმალური ამოფრქვევებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ კარგი ადგილია სიცოცხლის საძებნელად. თუმცა, როს 128 b დედავარსკვლავს გარს უვლის ისეთი კუთხით, რომ ძნელია პლანეტის პირდაპირი შესწავლა. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი თავად ვარსკვლავის შესწავლაა.
„კვლევისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სპექტროგრაფ APOGEE-ს უნარი, გაზომოს თითქმის ინფრაწითელი სინათლე, რომელშიც როს 128 ყველაზე კაშკაშაა. ამან შესაძლებლობა მოგვცა პასუხი გაგვეცა როს 128 b-ის დედამიწასთან მსგავსების შესახებ არსებულ ფუნდამენტურ კითხვებზე“, — ამბობს აშშ-ის კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი იოჰანა ტესკე.
ვარსკვლავის თითქმის ინფრაწითელი სპექტრის ანალიზის შედეგად, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რამდენ ნახშირბადს, მაგნიუმს, ალუმინს, კალიუმს, ტიტანსა და რკინას შეიცავს იგი.
ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ, ადვილი ხდება პლანეტის კვლევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მტვრისა და გაზის პროტოპლანეტურ დისკოზე, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და შემდეგ, მისგან იბადებიან პლანეტები.
ამ ფაქტს კი თავის მხრივ გავლენა აქვს პლანეტის მინერალურ შემადგენლობასა და წიაღის სტრუქტურაზე. მაგალითად, მკვლევრები ნაშრომში აღნიშნავენ, რომ კლდოვან პლანეტათა ბირთვისა და მანტიის მასის პროპორციებს აკონტროლებს მაგნიუმის, რკინისა და სილიციუმის რაოდენობა.
როგორც ირკვევა, როს 128-ს რკინის იგივე დონე აქვს, რაც ჩვენს მზეს. ჯგუფმა ვერ შესძლო სილიციუმის მაჩვენებლის განსაზღვრა, მაგრამ გაარკვიეს მაგნიუმის შემცველობის დონე.
ვარსკვლავში ამ ორი მაჩვენებლის ცოდნის შემდეგ, მკვლევრებმა დაიანგარიშეს პლანეტის ბირთვის და შესაბამისად მისი რადიუსის მინიმალური ზომა.
გაირკვა, რომ როს 128 b სავარაუდოდ დედამიწაზე დიდია, მაგრამ არის კლდოვანი და არა გაზის გიგანტი.
რადიუსის გარკვევამ და ვარსკვლავის ტემპერატურამ შესაძლებელი გახადა კიდევ ერთი მაჩვენებლის გამოაშკარავება — რამდენი სინათლე და სითბო აღწევს პლანეტაზე. ეს პარამეტრები თვალნათლივ მიუთითებს, რომ როს 128 b ნამდვილად მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში.
რა თქმა უნდა, უცნობი რჩება ჯერ კიდევ ბევრი რამ. მაგალითად, როგორია პლანეტის მაგნიტური ველი, აქვს თუ არა ატმოსფერო და თუ აქვს, არის თუ არა მისი ამინდის პირობები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ჩვენს მეზობელ ვენერას, მაგალითად, ატმოსფერო აქვს, მაგრამ მის ზედაპირზე ჩაღწევამდე, უბრალოდ დაიხრუკებით, რადგან იქ ჯოჯოხეთური სიცხეა.
გარდა ამისა, ამ კვლევამ აჩვენა ვარსკვლავის გამოყენების უმძლავრესი პოტენციალი იმ პლანეტათა შესასწავლად, რომელთა პირდაპირ დანახვაც რთულია.
„მიუხედავად იმისა, რომ როს 128 b სულაც არ არის დედამიწის ტყუპისცალი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მისი გეოლოგიური აქტივობის შესახებ, გავაძლიერეთ არგუმენტი, რომ ის ზომიერი პლანეტაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ზედაპირზე ჰქონდეს თხევადი წყალი“, — ამბობს ბრაზილიის ეროვნული ობსერვატორიის ასტრონომი დიოგუ სოუტუ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.