ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სანიტარული ჭრის დაწყება და ტერიტორიის გასუფთავება იგეგმება
ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სანიტარული ჭრის დაწყება და ტერიტორიის გასუფთავება იგეგმება

კახეთის სატყეო სამსახური ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სანიტარული ჭრის დაწყებას და დამწვარი ფართობის გასუფთავებას გეგმავს.

სატყეო სამსახურში არ ასახელებენ ხანძრის შედეგად რა ფართობია დამწვარი, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუხის, ცაცხვის,წიფლის და რცხილის ხეებია დამწვარი.

„ამ მხარეში მთლიანად ფოთლოვანი ტყეა. გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება, ძირნაყარი მერქნისგან გასუფთავდება ტერიტორია“, -​ განუცხადა საქართველოს პირველ არხს კახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყევემ, იოსებ ტურაშვილმა.

სოფელ ახალსოფელში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სატყეო სამსახური და მოხალისეები. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო ავიაციაც. ადგილზე რჩება თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოვანი ტექნიკა. ხანძრის ახალი კერების წარმოშობის პრევენციის მიზნით, ტრაქტორებმა ტერიტორიას შემოავლეს თხრილიც.