უცხოური მედია - ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის შთაგონების წყარო ანდერს ბრეივიკი იყო
უცხოური მედია - ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის შთაგონების წყარო ანდერს ბრეივიკი იყო

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის შთაგონების წყარო ანდერს ბრეივიკი იყო. ამის შესახებ 28 წლის ბრენტონ ტარანტი გამოქვეყნებულ „ანტიიმიგრაციულ მანიფესტში“ წერს.

74-გვერდიან დოკუმენტში თავდამსხმელი საკუთარ თავს „ჩვეულებრივ თეთრკანიან ადამიანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ უამრავი მკვლელის ჩანაწერები წაიკითხა, მათ შორის იყო დილან რუფი, რომელმაც 2015 წლის 17 ივლისს ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი მოკლა.

ბრენტონ ტარანტის განმარტებით, უამრავ მასალასთან გაცნობის მიუხედავად, მისთვის შთაგონების რეალური წყარო ანდერს ბრეივიკი იყო. ნორვეგიელმა ტერორისტმა 2011 წლის ივლისში 77 ადამიანი მოკლა.

როგორც თავდამსხმელი მანიფესტში ჰყვება, ის წარმოშობით შოტლანდიიდან, ირლანდიიდან და ინგლისიდან არის. ახალ ზელანდიაში კი თავდასხმის დასაგეგმად ჩავიდა. ტარანტის განმარტებით, მან 2017 წელს სტოკჰოლმის ტერაქტის დროს დაღუპული ება აკერლანდის მკვლელობისთვის იძია შური.

კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერით გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.