ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა
ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს. მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება. ვირუსით ინფიცირებულები მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოვლინდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში. ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.