ახალი ქართული ავიაკომპანია პირველ ეტაპზე ხუთ ქვეყანაში იფრენს. საუბარია ჩინური ინვესტიციით დაფუძნებულ MyWay Airlines-ზე. ავიაკომპანია თბილისში მიმდინარე საავიაციო ფორუმში მონაწილეობს.
როგორც პირველ არხს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა, მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისიდან ჯერ ჩარტერული, შემდეგ კი, რეგულარული რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, ირანისა და ისრაელის მიმართულებით იგეგმება. მომდევნო ეტაპზე კი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ევროპულ ქვეყნებში ფრენების დაწყების შესაძლებლობაც განიხილება.
„ავიაკომპანიის ორი Boeing-737 უკვე თბილისშია. მესამეს ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი, წლის ბოლოსკენ, დეკემბერში ველოდებით“, – აღნიშნა აფციაურმა. მისივე თქმით,ავიაკომპანია მომხმარებლებს საინტერესო ფასებს შესთავაზებს.