ახალი კორონავირუსის შედარება სხვა ეპიდემიებთან და პანდემიებთან — ცხრილი
უხანის ახალ კორონავირუსს უკვე 213-ზემეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსოფლიოს 20 ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 9000 პირზე მეტი.
გავრცელება ამჟამად პანდემიად არ მიიჩნევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვირუსი მაინც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ჩინეთმა უხანი და მიმდებარე სხვა ქალაქები კარანტინში მოაქცია.
წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელშიც კარგად ჩანს, უხანის კორონავირუსის შედარება ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარ სხვა ვირუსულ ეპიდემიებთან.
სხვათა შორის, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.
ცხრილში არ შედის მწერებისგან გავრცელებული ისეთი ვირუსები, როგორებიცაა ზიკა, მალარია და დენგეს ცხელება.
მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი სათავეს ღამურებისგან იღებს. ყველა ახალი, დამწყები ინფექციური დაავადებების 75 პროცენტზე მეტი ცხოველებისგან მოდის; მათ ზოონოზურ დაავადებებს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია დაავადება ცხოველისგან ადამიანს გადაედოს.
მეოცე საუკუნეში სულ მცირე ათი ეპიდემია ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდა, მაგალითად, ღამურებიდან, ფრინველებიდან და ღორებიდან.
40 წლის წინ, დასავლეთ აფრიკაში ებოლა ხილიჭამია ღამურებისგან გავრცელდა, მრავალჯერ ხელახლა აფეთქდა და სულ 13 500 ადამიანი იმსხვერპლა. ასევე ღამურებისგან წამოვიდა მარბურგის ვირუსი, SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი), MERS-ი (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) და ნიპაჰი.
თუმცა, ჩინეთში შინაური ფრინველებიდან გავრცელდა H7N9 და H5N9 გრიპები, რომლებმაც ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს.
2009-2010 წლებში გავრცელდა ღორის გრიპის პანდემია (H1N1), რომელიც სათავეს როგორც სახელი მიუთითებს, ღორებიდან იღებს. ამ დაავადებამ გლობალური პანდემიის ხასიათი მიიღო, წელიწადზე ნაკლებ დროში მსოფლიოს 214 ქვეყანაში გავრცელდა და დაახლოებით 300 000 ადამიანი იმსხვერპლა.
მეცნიერთა აზრით, მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ცხოველებიდან ადამიანებში დაავადებების გადასვლა მომავალშიც გაგრძელდება. რაც უფრო მეტი ადამიანია დედამიწაზე, მით უფრო ბევრი ხალხი გადაადგილდება ველურ ჰაბიტატში და ხვდება ვირუსის მატარებელ არსებებს.
„ახალ ინფექციურ დაავადებათა გამოჩენა და ძველების ხელახლა აფეთქება გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს დღევანდელი მსოფლიოს ნაწილია. გლობალიზაციისა და ველური გარემოს სასტიკად ხელყოფის გამო, ჩვენ ეპიდემიების ხანაში ვცხოვრობთ“, — ამბობს ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი ერიკ ტონერი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.