ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ფეკალიების გზითაც ვრცელდება — ახალი კვლევა
შესაძლოა, დიარეა ახალი კორონავირუსის გადადების მეორეხარისხოვანი გზა იყოს. ამის შესახებ მეცნიერები ახალი კვლევის შემდეგ იუწყებიან, რომელშიც აღწერენ პაციენტებს მუცლის მოუწესრიგებლობისა და ფაღარათის სიმპტომებით.
ვირუსის გადადების პირველად გზად მიჩნეულია ინფიცირებული ადამიანის ხველებისას ამოსული ვირუსის შემცველი წვეთები. ამ დასკვნამდე მკვლევრები ადრეული შემთხვევების შემდეგ მივიდნენ, როცა ისინი ფოკუსირებული იყვნენ რესპირატორული სინდრომის მქონე პაციენტებზე. ამ დროს, მათ შეიძლება გამორჩათ ვირუსის გადადების კავშირი საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან.
ახალ კვლევაში, რომელიც Journal of the American Medical Association (JAMA)-ში გამოქვეყნდა, ჩინელმა მეცნიერებმა უხანის საავადმყოფოში მოთავსებული 138 პაციენტი შეისწავლეს. გაირკვა, რომ მათგან 14-ს მაღალი ტემპერატურისა და სუნთქვის გაძნელების განვითარებამდე ორი დღით ადრე დიარეა (ფაღარათი) და ღებინება ჰქონდათ.
2019-nCoV-ით ინფიცირებულ პირველ ამერიკელ პაციენტს ვირუსის გამოვლენამდე ორი დღის განმავლობაში ასევე ფაღარათი აღენიშნებოდა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია ჩინეთშიც.
„მნიშვნელოვანია, რომ ვირუსი 2019-nCoV მუცლის ღრუს ატიპური სიმპტომების მქონე პაციენტთა განავალში ფიქსირდება, რითაც ის SARS-ს ჰგავს, რომლიც შარდშიც ფიქსირდებოდა; ეს კი მიუთითებს ფეკალური გადადების გზაზე, რაც ძლიერ გადადებადია“, — ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ კევილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ვირუსი იგივე ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), მეცნიერებისთვის ასეთი გზით გადადების შესაძლებლობა სულაც არ ყოფილა გასაკვირი.
ფეკალური გზით SARS-ით 2003 წელს ჰონგ-კონგში ასობით ადამიანი დაინფიცირდა. ერთ-ერთ დასახლებაში, რამდენიმე ბინის სააბაზანოდან გამომავალმა თბილი ჰაერის ნაკადმა სხვა ბინების მცხოვრებლებიც დააინფიცირა, ქარმა კი ვირუსი სხვა კორპუსებშიც გადაიტანა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერ ჯიაიუ ლიაოს განცხადებით, ფეკალიებში აღმოჩენილი 2019-nCoV შესაძლოა, ადამიანებს ფეკალიების გზით გადაედო. თუმცა, იგი იქვე აღნიშნავს, რომ ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს სძლებს ეს ვირუსი ადამიანის სხეულის გარეთ. მაგალითად, ცნობილია, რომ სხეულს გარეთ აივ-ინფექცია მხოლოდ 30 წუთს სძლებს; ასევე უცნობია, ტემპერატურის რა დიაპაზონზეა მგრძნობიარე ახალი კორონავირუსი.
ტორონტოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, დევიდ ფისმენის განცხადებით, ფეკალური გზით გადადება შეიძლება ახალი გამოწვევა იყოს ამ ვირუსის გავრცელბაში, განსაკუთრებით კი საავადმყოფოებში.
ტეხასის A&M უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ექსპერტი, ბენიამინ ნეუმანის თქმით კი, მართალია, ფეკალური გზით გავრცელების შესაძლებლობა ნამდვილად ღირს განსახილველად, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადი გზა გახდა ინფიცირებულ ადამიანთაგან ხველების შედეგად წამოსული წვეთები, ისევე როგორც ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხება, შემდეგ კი ხელის მოსმა თვალებზე, ცხვირზე ან პირზე.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.