ახალი ფოტო, რომელიც ყველაფერზე დაგვაფიქრებს - დედამიწა 63 მლნ კმ მანძილიდან
ახალი ფოტო, რომელიც ყველაფერზე დაგვაფიქრებს - დედამიწა 63 მლნ კმ მანძილიდან

ალბათ არაფერი ჩაგვაფიქრებს სიცოცხლის მნიშვნელობაზე ისე, როგორც კოსმოსური ხომალდის მიერ დედამიწისთვის მილიონობით კილომეტრის მანძილიდან გადაღებული ფოტო.

OSIRIS-REx-ი არის NASA-ს კოსმოსური ხომალდი, რომელიც ასტეროიდ ბენუსკენ მიემართება. დანიშნულების ადგილს ზონდი 2018 წლის აგვისტოში მიაღწევს. ასტეროიდი ბენუ მზის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობს; მისი გზა ხანდახან კვეთს დედამიწისას, მაგრამ ჩვენგან მაინც საკმაოდ შორსაა.

მას შემდეგ, რაც ზონდი ნახშირბადით მდიდარ ასტეროიდთან მიაღწევს, დაიწყებს მისიის შესრულებას — მონაცემებისა და ნიმუშების აღებას, შემდეგ კი უკან, დედამიწისკენ გამობრუნდება, თუმცა მშობლიურ პლანეტაზე მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდება.

აღნიშნული ფოტო OSIRIS-REx-მა 2018 წლის 17 იანვარს, საინჟინრო ტესტის ფარგლებში გადაიღო.

ციცქნა დედამიწა და მისი ბუნებრივი თანამგზავრი, მთვარე, ზონდმა 63,6 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაიღო. სურათის გადაღების მომენტში, ხომალდი 8,5 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობდა.


ფოტოს ცენტრში, კაშკაშა წერტილის სახით თქვენ ხედავთ დედამიწას, მის მარჯვნივ, პატარა წერტილი კი მთვარეა.

თუმცა, თუკი უფრო ახლოდან დააკვირდებით, ფონზე დაინახავთ გაცილებით ბევრ რამეს.

როგორც NASA განმარტავს, მიმდებარე სივრცეში შეიმჩნევა რამდენიმე თანავარსკვლავედიც.


„ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს კუროს თანავარსკვლავედში მდებარე კაშკაშა ვარსკვლავთგროვა, ე. წ. პლეადები. ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში კი თქვენ ხედავთ ვერძის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ ჰამალს“.

„დედამიწა-მთვარის სისტემა მოქცეულია ვეშაპის თანავარსკვლავედის თავის შემადგენელი ხუთი ვარსკვლავის ცენტრში“, — განმარტავს NASA.

OSIRIS-REx-ი 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვეს. ეს არ გახლავთ პირველი თვალწარმტაცი ფოტო, რომელიც ამ ხომალდმა გვისახსოვრა. იანვარში მივიღეთ უფრო ახლო ხედი, რომელიც ზონდმა დედამიწას 400 000 კმ მანძილიდან გადაუღო.

გარდა ამისა, გამოგვიგზავნა კიდევ უფრო ახლო ხედი — 170 000 კმ მანძილიდან გადაღებული დედამიწის სრული, კომპოზიტური ფოტო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე ვხედავთ მხოლოდ იმის დასაწყისს, რისი გაკეთებაც ამ ცეროდენა, შეუპოვარ ხომალდს შეუძლია.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით