ახალი ანალიზებით, მკვდარი ზღვის ერთ-ერთი გრაგნილის მეორე ავტორს მიაკვლიეს — #1tvმეცნიერება
მკვდარი ზღვის გრაგნილები 70 წლის წინ ისრაელში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ამ ხელნაწერების ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება.
გრაგნილები ებრაული ბიბლიის (თანახი) უძველეს ხელნაწერებს შეიცავს, მაგრამ იდუმალებით იყო მოცული ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ავტორი. თუმცა, ტექნოლოგიების გამოყენებით, ამ იდუმალი ტექსტების წარსულის გარკვევასთან ძალიან ახლოს მივედით.
ახალ კვლევაში, ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენის ქუმრანის ინსტიტუტის მკვლევრებმა ერთ-ერთ გრაგნილს პალეოგრაფიული კვლევა ჩაუტარეს.
გაციფრულების, მანქანური წაკითხვისა და სტატისტიკური ანალიზების სერიების შემდეგ, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ორი ხელნაწერი, რომელთა ხელწერაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი ხელნაწერის ორი სხვადასხვა ნახევარია.
შესწავლილ გრაგნილს 1QIsaa-ს უწოდებენ და წარმოადგენს ვრცელ ხელნაწერს, რომელიც ერთ-ერთია 1946 წელს მკვდარი ზღვის სიახლოვეს, არქეოლოგიურ ძეგლ ქუმრანზე აღმოჩენილი შვიდი ხელნაწერიდან. 2000 წლის წინანდელი გრაგნილი მოიცავს ებრაული ბიბლიის ისაიას წიგნის 66 თავს და ისაიას სხვა ებრაულ ხელნაწერებზე 1000 წლით ძველია.
კვლევის ავტორებმა ალგორითმს ასწავლეს, როგორ გაერჩია მელანი და ის, რაზეც წარწერებია შესრულებული — გრაგნილის ტყავი ან პაპირუსი. ამის შემდეგ, ალგორითმმა ისწავლე ყოველი ასო და ეძებდა იმ მცირე ცვლილებებს, რაც შეიძლება სხვა ავტორის მანიშნებელი ყოფილიყო.
ალგორითმის ამ სახის ტექნოლოგია, რომელსაც ქვემოთ ფოტოზე ხედავთ, უკვე რამდენიმე წელია, ბიბლიურ კვლევებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აქტიურად გამოიყენება.
ახალი კვლევა გარკვეულწილად უარყოფს იმ არგუმენტს, რომ ორიგინალი ტექსტი ერთი მწერლის ნამუშევარია.
ტექსტის 54 სვეტიდან 27-ეს ბოლოში, მკვლევრებმა ხელნაწერში გარკვეული ცვლილება აღმოაჩინეს — სიცარიელე სამ ხაზს შორის და მასალის შეცვლა. პირველ ფირფიტაზე მეორეა გადაკრული და ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ მწერალიც იცვლება.
ასეთი შედეგი კიდევ უფრო ამყარებს ზოგად მოსაზრებას და ზოგიერთ წინა კვლევას, რომელთა მიხედვითაც, მკვდარი ზღვის გრაგნილებზე სავარაუდოდ გადამწერთა მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომელთაგან ზოგიერთი შეგირდი იყო, ზოგიც ამ საქმეში დახელოვნებული.
თუმცა, სხვა გადამწერი ერთადერთი ახსნა როდია. ავტორები შენიშნავენ, რომ მათ მიერ შემჩნეულ განსხვავებათა მიზეზი ასევე შეიძლება იყოს კალმის ცვლილება, უფრო წვეტიანი ბუმბულის გამოყენება, სხვა გარემო პირობებში წერა ან გადამწერის ჯანმრთელობა.
მიუხედავად ამისა, განსხვავება საკმაოდ აშკარაა და გადამწერის ცვლილება მაინც ყველაზე სავარაუდო დასკვნაა.
ტექსტების ანალიზებში 21-ე საუკუნეში კომპიუტერების როლი სულ უფრო იზრდება. ბიბლიის სწავლულები, მათ შორის შვეიცარელ მკვლევართა ჯგუფი აქტიურად იყენებენ მანქანურ სწავლებას და სტოლიმეტრიას (ლინგვისტური სტილის კვლევა), რათა განსაზღვრონ, მაგალითად, რომელი ახალი წერილების ავტორია პავლე მოციქული.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.