ახალგორის ე.წ. სააპელაციო სასამართლოში ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიუხედავად, ხვალ, 31 დეკემბერს ახალგორის ე.წ. სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა ჩაინიშნა. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.
შესაბამისი შეტყობინება ექიმის ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა, ვლადიმერ ფიდაროვმა მიიღო. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა დაუდასტურა.
ირინა გაფრინდაშვილის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება სააპელაციო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნა, როდესაც ექიმი რამდენიმე დღეა, გათავისუფლებულია.
„დარეკეს, რომ არის ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში პროცესი, მაგრამ სისულელეა ეს ყველაფერი. ადამიანი თავისუფალია, სახლშია და სასამართლო იმართება. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, არ ვიცი. ადვოკატები დაიბარეს, ადვოკატებიც გადაირივნენ და ჩვენც გავგიჟდით, რომ ადამიანი გამოშვებულია, სახლში არის და სხდომას მაინც მართავენ. რა მიზანს ემსახურება, ვერ გეტყვით. არ მიდიან ადვოკატები“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.