ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი მიმდინარეობს
„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფარგლებში პირველი ყოველწლიური ფორუმი ახალციხეში მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ესწრებიან.
ფორუმს, სადაც მმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხებს განიხილავენ, ორი დღის განმავლობაში „რაბათის ციხე“ უმასპინძლებს. ღონისძიებაში პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დღეს ღონისძიებაზე განსახილველი მთავარი თემებია – „რეგიონული უთანაბრობა, როგორც გამოწვევა და დეცენტრალიზაციის რეფორმა”, „ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირება დ გაძლიერება“. ხვალ კი, ადგილობრივ გამოწვევებსა და მიღწევებზე ახალციხის, ზუგდიდის, გორის, ბათუმისა და მარნეულის მერები ისაუბრებენ.
ფორუმის ინიციატორი და მასპინძელი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმის მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision.
ღონისძიება შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით იმართება.