ახალარჩეული პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე უფლებამოსილებას იხსნის და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს
ახალარჩეული პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე უფლებამოსილებას იხსნის და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს

მეათე მოწვევის პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.

ახალარჩეული პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლით.

კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას თუ არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად 11 დეკემბერს შეიკრიბება.

დატოვე კომენტარი