მთავრობას უფლება ექნება, განსაზღვროს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვასაც განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მთავრობას უფლებამოსილება ექნება, დადგენილებით განსაზღვროს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვასაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის.
მთავრობის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომელიც მთავრობას უფლებამოსილებას მისცემს, იმ სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა განსაზღვროს, რომელთა დაცვა, შესაძლებელია, განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
„არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვა, შესაძლებელია, სათანადოდ ვერ განახორციელონ კერძო დაცვითმა ორგანიზაციებმა, მათი კვალიფიკაციისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სიმწირიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მთავრობას გააჩნდეს ბერკეტი, რომ თავად განსაზღვროს იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვაც უნდა განხორციელდეს გამოცდილი, საპოლიციო უნარებით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ“, – ნათქვამია პროექტში.