ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე კომენტარის გაკეთების შემდეგ ავსტრალიელ სენატორს კვერცხები ესროლეს [ვიდეო]
ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე კომენტარის გაკეთების შემდეგ ავსტრალიელ სენატორს კვერცხები ესროლეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტთან საუბრის დროს მოზარდმა პოლიტიკოსს კვერცხი ესროლა, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.
ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ავსტრალიელმა სენატორმა, ფრეიზერ ენინგმა განაცხადა, რომ ტერაქტი ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო მოხდა. პოლიტიკოსის განმარტებით, ფანატიკოს მუსლიმებს ახალ ზელანდიაში ჩასვლა და ცხოვრება თავისულად შეუძლიათ. საკუთარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ფრეიზერ ენინგი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დაძაბულობის მატება მუსლიმების რაოდენობის გაზრდას უკავშირდება.
აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ სენატორი კრიტიკის ობიექტი გახდა. ინტერნეტში ონლაინპეტიციაც შედგა, რომელიც მისი პარლამენტიდან გაძევებას ითვალისწინებს და რომელსაც 24 საათის განმავლობაში 265 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ პოლიტიკოსის სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან განცხადება წაშალეს.