ყალბი წარმოდგენაა მოსახლეობაში, რომ ყველაფერი და ყველგან დაშვებულია, ეს არ არის სწორი, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე იმ კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს, რომელსაც ახლა შსს ამზადებს და რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ მცდარ წარმოდგენებს წერტილს დაუსვამს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა, დროულად უნდა აღმოიფხვრას.
აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონპროექტი, რომელსაც შსს ამზადებს, პარლამენტში მალე შევა და ის მარიხუანას მოხმარებაზე მთელ რიგ რეგულაციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„არის საუბარი ასაკის მკაცრ რეგლამენტაციაზე. საუბარია იმაზეც, რომ მხოლოდ პირად სივრცეში შეიძლებოდეს მოწევა. ამის გარდა კონკრეტულ პროფესიებზე, რომლებზეც შეზღუდულია მოხმარება, მათ შორის საჯარო სამსახურებზე და იმ პროფესიებზე, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან აქვთ საქმე“, – განმარტა აკაკი ზოიძემ.