აკაკი ზოიძე - საქართველოში არ შემოდის უხარისხო ვაქცინა, იმედი მაქვს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესს პრობლემა არ შეექმნება
მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოში არ შემოდის უხარისხო ვაქცინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ერთ მონაცემს გეტყვით, რომელიც თქვენ ჯერ არ იცით, რადგან საჯარო არ გამხდარა. იმ 53%-დან, რომელიც დღეს ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, მხოლოდ 5%-ია იდეოლოგიურად წინააღმდეგ განწყობილი. ამ 53%-ის ნახევარი, ანუ 25% ამბობს, რომ ვაქცინის ხარისხში ეპარებათ ეჭვი, რაც საინფორმაციო კამპანიის თემაა და სხვა არაფერი. ეს ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ „ოქსფორდ ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის 1 200 წელს დაარსებული „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო პოტენციალი. ეს მეცნიერები რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მიიღებენ ნობელის პრემიას. ამას წინასწარმეტყველება არ სჭირდება. ეს ვაქცინა არის აი, ამ უნივერსიტეტის, მისი სკოლის მიერ შექმნილი ვაქცინა, ინგლისისა და შვედეთის ყველაზე უმკაცრესი უსაფრთხოების ფილტრში გამოტარებული ვაქცინა, რომელსაც პროგრამის კოსმოსური სისწრაფის მიუხედავად, არც ერთი სტადია არ გამოუტოვებია“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, კაცობრიობის სამეცნიერო მიღწევების გვირგვინია.
„მათი შექმნა მოხდა უპრეცედენტო ტემპით, მასშტაბით და ხარისხის შენარჩუნებით. ერთი წამით არ დარღვეულა ჯანმო-ს და ევროპის წამლების სააგენტოს ოქროს სტანდარტი – ის უმკაცრესი ფილტრები, რომელიც უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
„ეს ინფორმაცია შეიძლებოდა, შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის და ყველა ადამიანისთვის გასაგები ენით მიგვეწოდებინა. ის 53% ჯერ კიდევ თებერვალში იყო ვაქცინაციის წინააღმდეგი და ეს ადამიანები მოსატრიალებელი იყო. მომხდარმა ტრაგედიამ ეს სიტუაცია უბრალოდ, გააღრმავა. დიდი იმედი მაქვს, ამ ტრაგედიის შედეგად გამოწვეული პირველი შოკი მალე გაივლის, სიტუაცია გააქტიურდება, ყველა კიდევ ერთხელ გაიაზრებს ყველაფერს, რისკებს აწონ-დაწონის და მასობრივი ვაქცინაციის პროცესს პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინა არის არა ჩვენი სიამოვნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ პანდემია დავასრულოთ.
„ვაქცინა ჩვენი სიამოვნებისთვის არ არის. ის არის იმისთვის, რომ პანდემია დავასრულოთ. ეს არის ძალიან მცირე, მაგრამ აუცილებელი რისკი, რომელიც უნდა გავწიო რათა გადავწონო მეორე რისკი, რომელიც მაქვს. ჩვენი ამ ტრაგიკული შემთხვევის გარდა, მსოფლიოში აქამდე არ დაფიქსირებულა სიკვდილის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელსაც ვაქცინაციასთან უშუალო, დაუყონებლივი კავშირი აქვს. ეს მაშინ, როცა თითქმის, ნახევარი მილიარდი ადამიანი აიცრა. დილით მანქანაში რომ ჩავჯდები, გაცილებით მეტი შანსი მაქვს, ავტოავარიაში მოვხვდე და აღარ დავბრუნდე, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ვაქცინის შედეგად თუნდაც, სერიოზული, ან ოდნავ სერიოზული გართულება განმივითარდეს. აი, ეს მათემატიკა უნდა მივაწოდოთ ადამიანებს და მერე, რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ამაზე წავლენ თუ არა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.