აკაკი ზოიძე - პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის დროულად მისვლის მიზნით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა იგეგმება
აკაკი ზოიძე - პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის დროულად მისვლის მიზნით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა იგეგმება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის დროულად მისვლის მიზნით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა იგეგმება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პრაქტიკაა.

პირველ არხთან საუბარში აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამა დღესაც მოქმედებს, გამოძახებები დაყოფილია მაღალი და დაბალი პრიორიტეტებით, მაგრამ პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა იგეგმება.

დეპუტატის ცნობით, კომიტეტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურობას ეხებოდა.

„ერთ-ერთი რეკომენდაცია პაციენტთან მისვლის დროის მიმართულებით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის გაუმჯობესება იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოძახებები დაყოფილია მაღალ და დაბალ პრიორიტეტებად, რასაც ოპერატორი მაშინ ადგენს, როცა პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს ესაუბრება. საუბარია იმაზე, რომ ამ პროგრამის გაუმჯობესება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდეს. ეს პროგრამა პაციენტთან მისვლის დროს გააუმჯობესებს, რადგან თბილისში მისვლის საშუალო დრო 19-20 წუთია, საუკეთესო პრაქტიკა კი ყველაზე გადაუდებელ გამოძახებზე – რვა წუთია. ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ ყველაზე უფრო პრიორიტეტული გამოძახებები უფრო მაღალი სიზუსტით გამოიყოს. როცა ავადმყოფს დახმარება ძალიან მოკლე დროში სჭირდება, ეს დროულად და ხარისხიანად უნდა მოხდეს როგორც სასწრაფო დახმარების დონეზე, ასევე ჰოსპიტალიზაციის მიმართულებით“, – აღნიშნავს ზოიძემ.

ამასთან, აკაკი ზოიძე განმარტავს, ოპერატორი რა მეთოდით დაადგენს პაციენტის მდგომარეობის მაღალ და დაბალ რისკიანობას.

„მას შემდეგ, რაც ოპერატორი პაციენტის თაობაზე ინფორმაციას მიიღებს, ამას შესაბამის პროგრამაში შეიყვანს, რომელიც მას წინასწარ დიაგნოზს შესთავაზებს. მთავარი საკითხია, რომ ოპერატორმა სწორი კითხვები დასვას და მიღებული პასუხების მიხედვით განსაზღვროს, მდგომარეობა გადაუდებელია თუ არა. ანუ, არის თუ არა ინფარქტისა და ინსულტის განვითარების ნიშნები. ამის განსაზღვრის შემდეგ, ოპერატორი ჯგუფებს სიგნალს მისცეს, რომ ამ შემთხვევაში მაღალი პრიორიტეტის გამოძახებაა და აუცილებელია, ჯგუფი პირველ რიგში სწორედ ამ გამოძახებაზე გავიდეს. ეს პროგრამა წლების განმავლობაშია დანერგილი. მარტივი კითხვებით ადგენ, რა მდგომარეობაა“, – აცხადებს ზოიძე.

დეპუტატი სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახების მიზნით, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები ხშირად გარკვეულ ხერხს მიმართავენ.

„დღეს რეკავენ და ამბობენ, პაციენტი უგონოდ არის. ეს ისწავლეს და წნევის გაზომვაც რომ სჭირდებათ, ოპერატორს ეუბნებიან, პაციენტი უგონოდ არისო. ვინც ეს ისწავლა, ამ ხერხით ითხოვს, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მაქსიმალურად მალე დროში მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადების რაოდენობა ემატება, გამოძახებებს ვერ აუდიან. გამოძახების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აუცილებელია, ჯგუფები კიდევ დაემატოს და გამოძახებების დახარისხება მოხდეს. სასწრაფოს ან წნევის გაზომვისთვის იძახებენ, ან ნემსის გასაკეთებლად, რაც არასასურველია, მაგრამ პირველადი ჯანდაცვა უნდა გაუმჯობესდეს. ასეთი გამოძახებები იმ გამოძახებებისგან უნდა გაირჩეს, როცა პაციენტს დაუყონებლივი დახმარება სჭირდება. ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის იდეა სწორედ ესაა და ასეთი პროგრამის შესყიდვაზეა საუბარი. აღნიშნული პროგრამის შესყიდვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება და ინიციატივა თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნით“, – აღნიშნავს დეპუტატი.