აკაკი ზოიძე - დავით გარეჯის თემაზე ზედმეტი ვნებათაღელვა და დაძაბვა საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დავით გარეჯის თემაზე ზედმეტი ვნებათაღელვა და დაძაბვა წყალს საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს.
ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილის მოსაზრებებს სერიოზულად არ უყურებს.
„დავით გარეჯის თემა ძალიან სერიოზულია და ყველა პოლიტიკოსს სიფრთხილის გამოჩენა მართებს ჩვენს მოძმე სახელმწიფოზე, სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ამ პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს. აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად საკითხი მოზომილად და გონივრულად უნდა გადავჭრათ. ამ თემაზე ზედმეტი ვნებათაღელვა და დაძაბვა წყალს ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს. მგონი, ამას საქართველოს თითოეული მოქალაქე ხვდება“, – დასძინა ზოიძემ.
შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებული განცხადებების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დასმას ითხოვს. ნათელაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა თებერვალსა და აპრილში დავით გარეჯის საკითხზე პროვოკაციული განცხადებები გააკეთა, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია.