აკაკი ზოიძე - დარწმუნებული არ ვარ, რამდენად მზად ვიქნებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის
დარწმუნებული არ ვარ, რამდენად მზად ვიქნებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საკითხს ერთი წლის წინ სერიოზულად რომ მოკიდებოდა, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვებოდნენ, პროპორციული სისტემა 2020 წელს ამოქმედდებოდა და ისეთი პოლარიზაცია არ იქნებოდა, როგორც დღეს არის.
„არჩევნები პროპორციული სისტემით დღეს რომ ჩავატაროთ, მეშინია, რომ ისევ ორი ძალა გავა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოალიცია და ასეთი თანამშრომლობა ვერ წარმომიდგენია, რადგან დესტრუქციული ძალაა“, – განაცხადა ზოიძემ.
21-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მოითხოვა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.