აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა შესაძლოა, უფასო აღარ იყოს
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა არის უნიკალური და საქართველო მისი განხორციელების მხრივ გამორჩეულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტი არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი, არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულების გამო, არამედ იმის გამოც, როგორ იცავდნენ ჰიგიენას სალონები, სამედიცინო დაწესებულებები.
„150 000-მდე ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ეს დაავადება. ელიმინაციის პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 80 000-ის ღირებულების წამალი მოქალაქემ მიიღოს აბსოლუტურად უფასოდ. საოცრებაა, რომ პაციენტთა 98 პროცენტამდე შემთხვევში არის განკურნება. 25 000 ადამიანმა იცის, რომ აქვს C ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მოვიყვანოთ ისინი სამკურნალოდ, რადგან ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. ელიმინაციის პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, 2020 წლის შემდეგ პროგრამა ასე აღარ იქნება და მერე ყველა მოიკითხავს“,-განაცხადა ზოიძემ.
კითხვაზე, საერთოდ შეწყდება თუ არა 2020 წლის შემდეგ პროგრამა, აკაკი ზოიძე პასუხობს: “წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი უნდა მოგცენ უფასოდ წამალი. მილიონი ინსინუაცია იყო, თითქოს ექსპერიმენტები ტარდება ქართველებზე, იყო დისკრედიტაციის მცდელობები. წარმოიდგინეთ, ჩვენი მეზობელი, ოკუპანტი რუსეთი ვერ ახერხებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს უმკურნალოს და უამრავ ფულს ხარჯავს, რათა დისკრედიტაცია გაუკეთოს ამ პროგრამას საქართველოში. 2020 წლის შემდეგ პროგრამა ფასიანი იქნება. ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, დავიყვანოთ ავადობა იმ დონეზე, რომ არავის აღარ გადაედება, აღარ იარსებებს საქართველოში ეს დაავადება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის მასობრივი პრობლემა მოიხსნება“,- განაცხადა ზოიძემ.
ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C დაიწყო.