მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი წელს აკა მორჩილაძეს გადაეცემა. ცნობილი ქართველი მწერლის დაჯილდოების ცერემონია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი 18 ოქტომბერს გაიხსნება და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გარდა ტრადიციულად მაღალმხატვრული მრავალფეროვნებისა, წელს პირველად, საქართველოში მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს მსოფლიოში წამყვანი ნორვეგიული ქორეოგრაფია, დიზაინი, მუსიკა, ეზიაროს თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის, ალან ლუსიენ ოიენის თეატრი „ზამთრის სტუმრები“. ასევე გაიმართება „სარდინიის კულტურის დღეები“ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტი“-ს ქართული პრემიერა რუსთაველის თეატრში. ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული ადგილი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს ახალ სპექტაკლს, „უმზითვო“ წარმოადგენს.
ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი ახალი წარმოდგენით „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.