აკა მეტრეველი - ვერ გეტყვით, მიიღებს თუ არა რამე გადაწყვეტილებას ბასილაშვილზე ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია, მძიმე საკითხია, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სიმართლე
ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, შემიძლია დავახასიათო როგორც დადებითი, თავშეკავებული ადამიანი, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკა მეტრეველმა განუცხადა.
როგორც მეტრეველი ამბობს, მისთვის ბასილაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება მოულოდნელი იყო. მეტრეველის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ბასილაშვილის კარიერაზე დადებითად არ იმოქმედებს.
„დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიცი, რომ არის ბრალდება, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. სამი დღის წინ ვნახე ნიკოლოზი, იყო აქ მოსული სავარჯიშოდ. ვესაუბრე ჩვეულებრივ რეჟიმში და მერე ეს ამბავი იყო. მის კარიერაზე რომ დადებითად არ იმოქმედებს, ამაზე ორი აზრი არ არის, რადგან ჯერ ერთი, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესია, არა მარტო ჩოგბურთის ფედერაციისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, გულშემატკივრებისთვის, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ნიკოლოზს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ და შემიძლია დავახასიათო როგორც დადებითი, თავშეკავებული ადამიანი, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. პირველ რიგში სიმართლე უნდა გაირკვეს. ფაქტი რომ არასასიამოვნოა, მგონი, ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება“,- განაცხადა მეტრეველმა.
აკა მეტრეველის თქმით, მისთვის უცნობია, მიიღებს თუ არა რამე გადაწყვეტილებას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
„ამის გამოცდილება არ მაქვს, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია როგორ მიიღებს ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას. მძიმე საკითხია და პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სიმართლე. იმედს დავიტოვებ, რომ ეს არ დადასტურდება. ასეთ ფაქტთან შეხება არ მქონია, სავარაუდოდ რაღაც სანქციები უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად არ მქონია შეხება და ვერ გეტყვით, მერე რა შეიძლება ამ ამბავს მოყვეს“,- განაცხადა მეტრველმა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.