აისბერგზე ჩაძინებული პოლარული დათვის ბელი — საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ფოტო #1tvმეცნიერება
აისბერგზე ჩაძინებული პოლარული დათვის ბელი — საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ფოტო #1tvმეცნიერება

აისბერგზე ჩაძინებული პოლარული დათვის ბელის ფოტო კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორ ნადგურდება პოლარულ რეგიონებში მრავალი სახეობის საცხოვრებელი გარემო.

ფოტომ ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის ველური ბუნების წლის საუკეთესო ფოტოს კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში „ხალხის რჩეული“.

სურათის ავტორია ნიმა სარიხანი, რომელმაც ის ნორვეგიის შპიცბერგენის არქიპელაგზე სამდღიანი მოგზაურობისას გადაიღო.

„ამ ფოტომ მნახველებში ძლიერი ემოციები აღძრა. გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენ წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევაა, ვფიქრობ, ეს სურათი ასევე მოგვანიჭებს იმედს; ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ გამოვასწოროთ ის ქაოსი, რაც თავადვე შევქმენით“, — ამბობს სარიხანი.

ეს ფოტო ნათელი ილუსტრაცია იმ საფრთხისა, რომლის წინაშეც პოლარული ველური ბუნებაა; საფრთხეები კი კლიმატის ცვლილების შედეგია.

პოლარული დათვი

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი დუგლას გარი ამ ფოტოს იმ შედეგების ვიზუალურ განსახიერებას უწოდებს, რაც კლიმატის დათბობამ და ჰაბიტატის განადგურებამ მოიტანა.

კონკურსში 50 000-ზე მეტი ფოტო მონაწილეობდა. სარიხანის ფოტომ საჯარო ხმის მიცემის საფუძველზე, 25 სურათს შორის გაიმარჯვა — ჯამში რეკორდული რაოდენობა, 75 000 ხმა მიიღო.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მონაცემებით, პლანეტაზე სულ რაღაც 22 000 პოლარული დათვია დარჩენილი.

სახეობას მოწყვლადის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული — ნაკლებად უფრო სახიფათო, ვიდრე საფრთხის ქვეშ მყოფის კლასიფიკაციაა. WWF-ის განცხადებით, პოლარული დათვები არქტიკაში კლიმატის კრიზისის წნეხის ქვეშ არიან; ეს რეგიონი დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელია.