აიათოლა ალი ხამენეიმ სასამართლოს საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯისკენ მოუწოდა
ირანის სულიერი ლიდერი სასამართლოს მოუწოდებს დასაჯოს ის პირები, ვინც „ეკონომიკურ უსაფრთხოებას არღვევს“. აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადება 25-26 ივნისს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გააკეთა.
თეირანის „გრანდ ბაზაარში“, ორდღიანი გამოსვლების შემდეგ, ვითარება დასტაბილურდა. ორი დღის განმავლობაში ბაზარში მაღაზიები პროტესტის ნიშნად დახურული იყო. მოვაჭრეებმა ეროვნული ვალუტა რიალის გაუფასურება გააპროტესტეს.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, ვაშინგტონი თეირანს სანქციებს ისევ დაუწესებს, რომელიც აგვისტოში, ნაწილი კი ნოემბერში ამოქმედდება. სწორედ სანქციების მოლოდინი გახდა რიალის გაუფასურების მიზეზი. აშშ-ის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ ირანს ნოემბრიდან სანქციები დაუწესონ და ნავთობის იმპორტზე უარი თქვან. თეირანში ამბობენ, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლა შედეგს ვერ გამოიღებს.