აგიტ მირზოევი - პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეთნიკური უმცირესობები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში
პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, – ამის შესახებ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორმა, აგიტ მირზოევმა განაცხადა.
მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა 80 პროცენტს არ აქვს ინფორმაცია, რას სთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატი.
„არჩევანი რომც გაკეთდეს, არ იქნება ხარისხიანი, გააზრებული და ორიენტირებული საკუთარ მომავალზე. როგორი უნდა იყოს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხედვა, როგორ უნდა იყოს უკეთესად დაცული მათი კანონიერი ინტერესები და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გაცილებით უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამაზე, სამწუხაროდ, არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მეტი საინფორმაციო კამპანია გვჭირდება და მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა.