ცესკო-ს თავმჯდომარემ ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელ ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ცესკო-ს თავმჯდომარემ ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელ ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) პროექტის – „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“ ფარგლებში გაიმართა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო საკითხებზე და იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც 29 აპრილს გაიმართა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, 2024 წელს კი პარლამენტის არჩევნების ჩატარება იგეგმება.

ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გამართული დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები, რის შემდეგაც იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა და ახალგაზრდებმა პრაქტიკაში გამოსცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

იმიტირებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ცესკო-ს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ პრეზენტაცია „ინკლუზიური საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობები“ წარადგინა. მან ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„რონდელის ფონდთან თანამშრომლობით დღეს ჩვენ გვქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდით ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობაც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს და გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ამომრჩეველთა უფლებები, ამომრჩეველთა ინფორმირება და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება საარჩევნო პროცესებში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პროექტს – „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“ რონდელის ფონდი ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს რონდელის ფონდთან.