აღსრულების ეროვნულ ბიუროში სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
აღსრულების ეროვნულ ბიუროში სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმის წარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს.

„ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის.

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.