აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვა დაწესდა, – ამის შესახებ განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2020 წლის 10 აგვისტოს დაიწყო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან, ასევე მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.

„მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა, სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა. ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე“, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.