აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით შეკავება რელიგიური შუღლის თავიდან აცილებას გამოიწვევს
აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით შეკავება რელიგიური შუღლის თავიდან აცილებას გამოიწვევს

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით შეკავება პროცესების ფიზიკური დაპირისპირებაში გადასვლის ან რელიგიური შუღლის ჩამოგდების თავიდან აცილებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, იასინ ალიევმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტების გახშირდა.

„იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ფაქტები, გარკვეულწილად ალბათ კანონით მოხდება მათი შეკავება, გამკაცრების საფუძველზე მოხდება მათი შეკავება, რაც არ გამოიწვევს შემდგომში ადამიანებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასვლას ან რელიგიური შუღლის ჩამოგდებას“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა.

იასინ ალიევის თქმით, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა მათთვის მედიიდან გახდა ცნობილი და ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენლები შევლენ. მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.