საქართველოს მუფთის მოადგილე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ინიციატივა ყველა რელიგიის წარმომადგენლებზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს
საქართველოს მუფთის მოადგილე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ინიციატივა ყველა რელიგიის წარმომადგენლებზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ყველა რელიგიის წარმომადგენლებზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

ადამ შანთაძის თქმით, როგორც შეზღუდვებით, ისე შეღავათებითა და პრივილეგიებით, ნებისმიერი რელიგიის წევრები ერთნაირად უნდა სარგებლობდნენ.

როგორც მუფტის მოადგილემ განაცხადა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ, სადაც აღნიშნული კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვეს.

მისივე თქმით, შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იყო, თუმცა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს და პარლამენტარებთან ერთად პრობლემის მოსაგვარებლად კონსულტაციებსა და მსჯელობას ერთ კვირაში განაახლებენ.

ადამ შანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ სამხედრო სამსახურის გადავადების აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევა, სასულიერო პირებს თავიანთ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.