ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მთლიან ირმის ნახტომზე 7000-ჯერ მეტად კაშკაშებს.
ამ გაუმაძღარ შავ ხვრელში ყოველ წამში დედამიწის მასის ოდენობის მატერია ჩაედინება.
რამდენადაც ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, ის ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელია ბოლო ცხრა მილიარდ წელიწადში; მისი აქტივობა იმდენად გააფთრებულად მიმდინარეობს, რომ მთელი სამყაროს მასშტაბით გზავნის მრავალი ტალღის სიგრძის სინათლეს და წარმოქმნის ფენომენს, რომელსაც კვაზარს უწოდებენ.
ამ შავ ხვრელს SMSS J114447.77-430859.3-ს უწოდებენ, შემოკლებით J1144-ს. მის მახასიათებელთა ანალიზი მიუთითებს, რომ მისმა სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 7 მილიარდი წელიწადი იარა, ხოლო მისი მასა მზისას დაახლოებით 2,6 მილიარდჯერ აღემატება.
ამ დრომდე ის ასე, შეუმჩნევლად იმალებოდა. თუმცა, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე — გალაქტიკური სიბრტყიდან 18 გრადუსით მაღლა, კვაზარების მძებნელ წინა პროგრამებს ის გამორჩათ.
„შორეულ ობიექტთა ძებნა ძალიან რთულია, როცა ირმის ნახტომის დისკოს სიახლოვეს ეძებ — იქ ძალიან ბევრი წინა ფონური ვარსკვლავია, რომლებიც უკანა ფონზე არსებული წყაროების მოძებნას ართულებენ“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტოფერ ონკენი.
მისივე თქმით, სხვა ჯგუფმა მთელი ცის მასშტაბით ამ კაშკაშა ობიექტთა საძებნელად ულტრაიისფერი თანამგზავრი გამოიყენა, მაგრამ J1144 მათი დაფარვის მხოლოდ მცირე ზონაში მოხვდა. თუმცა, ეს წყარო იმდენად კაშკაშაა, რომ ცისთვის ჯერ კიდევ 1901 წელს გადაღებულ ფოტოებში ჩანს; შესაბამისად, მის შემთხვევაში უბრალოდ გამორჩენასთან გვქონდა საქმე.
სუპერნოვას აფეთქებებთან ერთად, რომლებიც გამა-გამოსხივების ჭავლებს გამოყოფენ, კვაზარები სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტებია. წარმოქმნის სუპერმასიური შავი ხვრელი, როდესაც ის მატერიას წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებლით შთანთქავს, გაზისა და მტვრის უზარმაზარი დისკოდან, რომელიც მის გარშემო სადრენაჟო ჭაში წყალივით მოძრაობს და თანდათან ჩაედინება.
აღსანიშნავია, რომ თავად შავი ხვრელი კი არ კაშკაშებს, არამედ მატერია, რომელსაც უკიდურესი ხახუნი და გრავიტაცია აცხელებს და წარმოქმნის სინათლის მთელ სპექტრს.
გარდა ამისა, ასტრონომთა აზრით, მატერიის გარკვეული ნაწილი შავ ხვრელს გარეთ, პოლუსებისკენ, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ მიემართება და სწრაფდება, საიდანაც ისინი კოსმოსში პლაზმის მაღალი სიჩქარის ჭავლების სახით იტყორცნება. გალაქტიკაში არსებულ, მიმდებარე გაზთან ამ ჭავლების ურთიერთქმედება წარმოქმნის რადიოტალღებს.
თუმცა, J1144-ის თავს რაღაც ნამდვილად უცნაური ხდება. ასეთივე დონის აქტივობის კვაზარები აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ისინი 13,8 მილიარდი წლის ასაკის სამყაროს ისტორიის გაცილებით ადრეულ ეტაპს მიეკუთვნებიან.
რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, ანუ დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდისთვის, კვაზარის ასეთი გაშმაგებული აქტივობა გარკვეულწილად უნდა დაწყნარებულიყო; სწორედ ამ მხრივ არის J1144 უცნაური გამონაკლისი. ის იმდენად კაშკაშაა, რომ ნებისმიერ მსურველს სამოყვარულო ტელესკოპითაც კი შეუძლია დანახვა.
„ეს შავი ხვრელი იმდენად გამორჩეულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, არ მჯერა, კიდევ შევძლოთ მისი მსგავსი სხვა შავი ხვრელის პოვნა. საკმაოდ დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეკორდი ვერ მოიხსნება. არსებითად ამოგვეწურა ცა, სადაც მსგავსი ობიექტები შეიძლება იმალებოდნენ“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტიან ვულფი.
აღმოჩენამ მკვლევრები სხვა კვაზარების ძებნაშიც წაახალისა. ჯგუფმა უკვე დაადასტურა 80 ახალი კვაზარი, ასობით კანდიდატს კი ამჟამად იკვლევენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასტრონომიული საზოგადოება ახლოს არის შედარებით ბოლოდროინდელი სამყაროს კაშკაშა კვაზართა სრული კატალოგის შექმნასთან.
„J1144-ის მსგავსად კაშკაშა არც ერთი სხვა კვაზარი არ არის, მაგრამ გვეხმარებიან მივიღოთ უფრო სრული სურათი იმის შესახებ, რამდენად გავრცელებულია სწრაფი ზრდის ეს ფაზა; ეს კი თავის მხრივ მის უკან არსებული მექანიზმის გაგებაში დაგვეხმარება“, — აღნიშნავს ონკენი.
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ კვაზარები ასე კაშკაშაა, მათი სინათლის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია გაცილებით უკეთესად შევისწავლოთ გალაქტიკებს შორის არსებული გაუხშოებული გაზი.
ამან კი თავის მხრივ შეიძლება გამოავლინოს ირმის ნახტომის გარშემო გაზების დინება და შესაბამისად, მოგვცეს უკეთესი ცნობები ჩვენ გარშემო კოსმოსში სამგანზომილებიან მოძრაობათა შესახებ.
კვლევა Publications of the Astronomical Society of Australia-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია science.anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.