პალეონტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა სტეგოზავრის ნაფეხური, რომელიც ყველაზე პატარაა ამ სახეობის ამ დრომდე აღმოჩენილ ნაფეხურებს შორის.
ნაფეხურის სიგრძე სულ რაღაც 5,7 სანტიმეტრია და სავარაუდოდ ახალშობილ, კატის ზომის სტეგოზავრს (ichnogenus Deltapodus) ეკუთვნის; 100 მილიონი წლის წინანდელ ნაკვალევს ჩინეთის პროვინცია სინძიანში მიაკვლიეს.
მიუხედავად იმისა, რომ პაწაწინა ცხოველის ზუსტი სახეობა ჯერ უცნობია, ნაფეხურის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პატარა სტეგოზავრი დიდებისგან განსხვავებულად დადიოდა.
„ნაფეხური ეკუთვნის ბალახისმჭამელ, ჯავშნოსან დინოზავრს, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც სტეგოზავრი — დინოზავრთა ოჯახი. მათ მსგავსად, პაწაწინა დინოზავრს კუდზე სავარაუდოდ ეკლები ჰქონდა ჰქონდა, ხერხემლის გასწვრივ კი ძვლის ფირფიტები, ზუსტად ზრდასრულების მსგავსად. ეს გახლავთ ამ დროისთვის ცნობილი ყველაზე პატარა სტეგოზავრის ნაფეხური“, — ამბობს ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ენტონი რომილიო.
ცნობილია, რომ სტეგოზავრები ამ რეგიონში ბინადრობდნენ. აღმოჩენილია 30 სმ-ზე მეტი სიგრძის ათობით ნაფეხური, ასევე ჩონჩხის ნაშთები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სტეგოზავრთა ნაფეხურები იშვიათად აჭარბებს 50 სანტიმეტრს.
ძალიან ახალგაზრდა სტეგოზავრებისა და სხვა ჯავშნოსანი დინოზავრების ნაფეხურები სხვა სახეობებთან შედარებით წარმოუდგენლად იშვიათია და უცნობია, რატომ.
რადგან სხვა სახეობებთან ერთად ბინადრობდნენ, არ არის გამორიცხული, მათ ნაფეხურებზე შემდეგ სხვა უფრო დიდი დინოზავრები დააბიჯებდნენ, მაგრამ ვერც ამით აიხსნება, რანაირად გადარჩა ჯოგის სხვა ჩვილ დინოზავრთა ნაფეხურები. კიდევ ერთი სავარაუდო ახსნა სწრაფი ზრდა — ცხოველი პატარა ტანის იმდენად ცოტა ხანს რჩებოდა, რომ ბევრი ნაკვალევის დატოვებას ვერ ახერხებდა; არც ის არის გამორიცხული, რომ ახალშობილ დინოზავრთა საცხოვრებელი გარემო ნაფეხურების დატოვებისთვის არახელსაყრელი ყოფილიყო.
რაც არ უნდა იყოს ასეთი იშვიათობის მიზეზი, ფაქტია, რომ ამ ერთმა ნაფეხურმა როგორღაც ჩვენამდე მოაღწია. პაწაწინა დინოზავრს სამთითიანი ფეხი ტალახში ჩაუდგამს; დრომ ტალახი გააქვავა, ნაშალით ამოავსო და ქვიშაქვად აქცია, ხოლო როდესაც ეროზიამ ის გადარეცხა, ნაფეხური ისევ გამოჩნდა.
მართალია, ბევრი დეტალი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ნაფეხურის ფორმა საკმაოდ დამაინტრიგებელია — უფრო დიდი სტეგოზავრების ნაკვალევის მსგავსად წაგრძელებული არ არის.
„როგორც წესი, სტეგოზავრები მიწაზე ქუსლებით დააბიჯებდნენ, დაახლოებით ადამიანთა მსგავსად, მაგრამ ოთხი ფეხით, რაც გრძელ ნაფეხურებს წარმოქმნიდა“, — ამბობს რომილიო.
მისივე განცხადებით, ეს ციცქნა ნაფეხური გვიჩვენებს, რომ ეს დინოზავრი აწეული ქუსლებით დააბიჯებდა, დღევანდელი ფრინველებისა და კატების მსგავსად; ასეთი მოკლე ნაკვალევი ამ დრომდე მხოლოდ ორი ფეხით მოსიარულე დინოზავრების შემთხვევაშია აღმოჩენილი.
ეს საოცარი აღმოჩენა მიუთითებს, რომ პაწაწინა სტეგოზავრები ზრდასრულებზე უფრო მსუბუქად და მარდად დადიოდნენ, თითის წვერებით, ზრდასროლობაში კი ქუსლებით სიარულს იწყებდნენ; თუმცა, მხოლოდ ერთი ნაფეხურის საფუძველზე ამის მტკიცება შეუძლებელია.
კონკრეტული სტეგოზავრი ინდივიდი, რომელმაც ეს ნაფეხური დატოვა, შეიძლება უცნაურად დადიოდა, ანდაც უბრალოდ, მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში დააბიჯა უცნაურად.
„ამ კითხვაზე პასუხს ციცქნა ნაფეხურების სრული წყება, ანუ ნაკვალევი გაგვცემდა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ერთი ნაფეხურია შემორჩენილი“, — ამბობს ჩინეთის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ლიდა სინგი.
რეგიონი, სადაც ეს ნაფეხური აღმოაჩინეს, დინოზავრთა ნაკვალევის ცხრა ძეგლს მოიცავს; იმ ზონაში, სადაც პაწაწინა დინოზავრის ნაფეხური აღმოაჩინეს, ზრდასრულ სტეგოზავრთა 16 ნაფეხურსაც მიაგნეს. პალეონტოლოგთა ჯგუფი კვლევებს განაგრძობს.
კვლევა ჟურნალ Palaios-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uq.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.