აღმოჩენილია ყუთის მსგავსი ობიექტი, რომელიც შესაძლოა, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ხის სტრუქტურა იყოს
ეს ძველი ჭა არც თუ ისე კარგად გამოიყურება, წააგავს ხის ყუთის ფორმის ობიექტს, რომელიც თითქმის დაფხვნილი და განადგურებულია. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ის ზედმეტად განსაკუთრებულია. როგორც ხის რგოლებით დათარიღების ანალიზებმა აჩვენა, მის ასაგებად გამოყენებული მუხა დაახლოებით 7275 წლის წინ მოჭრეს.
შედეგად, ის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ხის სტრუქტურაა მსოფლიოში, რაც კი ამ მეთოდით არის დადასტურებული.
ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის არქეოლოგიური ცენტრის არქეოლოგი იაროსლავ პეშკა პრესრელიზში განმარტავს, რომ როგორც დენდროქრონოლოგიური მონაცემებით ირკვევა, ამ სტრუქტურის ასაგებად საჭირო ხე ძვ. წ. 5255 – 5256 წლებში მოჭრეს.
მისი თქმით, ხის ღეროს რგოლებმა მათ ზუსტი შეფასების საშუალება მისცა; ანალიზები ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჭა 2018 წელს ჩეხეთის ქალაქ ოსტროვში გზის მშენებლობისას აღმოაჩინეს. სტრუქტურაში ნაპოვნი კერამიკის ფრაგმენტები ადრეული ნეოლითის ხანას მიეკუთვნება, მაგრამ ახლომახლოს ნაპოვნი არ არის არანაირი დასახლების ნაშთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჭა რამდენიმე დასახლებას ემსახურებოდა და ყველა მათგანისგან მოშორებით მდებარეობდა.
მიწით ამოვსებული სტრუქტურა არქეოლოგებმა ფრთხილად გაწმინდეს. შედგება კუთხეებში ჩარჭმული მუხის ოთხი მერქნისგან, რომელთა შორის გადებულია თხელი ფიცრები. ჭა თითქმის კვადრატულია, ზომით 80X80 სმ. სიმაღლეში 140 სანტიმეტრს აღწევს და აქვს ლილვიც, რომელიც მიწის სიღრმეში, მიწისქვეშა წყლებში ჩადის.
დაჭაობებული გარემოს მიუხედავად, ხე მაინც შესანიშნავად არის შემონახული და აღენიშნება ხის გასაპრიალებელი ქვის იარაღების კვალი, რომლითაც თითოეული ნაჭერია გამოყვანილი.
პეშკას თქმით, ამ ჭის კონსტრუქცია უნიკალურია; აღენიშნება როგორც ბრინჯაოსა და რკინის ხანისათვის დამახასიათებელი მშენებლობის ტექნიკის ნიშნები, ისე რომაული ეპოქის ტექნოლოგიის კვალი. მისი თქმით, წარმოუდგენელია, როგორ დაამუშავა მერქნის ზედაპირი ასეთი სიზუსტით ხალხმა, რომელსაც მხოლოდ ქვის, ძვლისა და რქებისგან დამზადებული იარაღები ჰქონდა.
შენახვის კარგი მდგომარეობის წყალობით, შესაძლებელი გახდა დენდროქრონოლოგიური (ხის რგოლებით) და რადიონახშირბადული დათარიღებაც.
ამ მეთოდებით გაირკვა, რომ ჭის ასაგებად გამოყენებული ბრტყელი ფიცრებიდან სამი ეკუთვნის ხეს, რომელიც დაახლოებით 7275 წლის წინ მოჭრეს. სავარაუდოდ, ჭა სწორედ ამ დროს ააგეს. თუმცა, განსხვავებულ ამბავს ყველა ხის ორი ბოძი.
ორივე მათგანი მოჭრილია უფრო ადრე, ერთი დაახლოებით 7278 ან 7279 წლის წინ, მეორე კი ცხრა წლით ადრე. მკვლევართა აზრით, შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჭის აშენებამდე ამ ბოძებს სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
შედარებით ახალია ერთ-ერთი გვერდითა ფიცარიც, რომელიც 7261 – 7244 წლის წინ არის მოჭრილი. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ჭის მოგვიანებით შეკეთება გახდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ჭას ჯერჯერობით გადაჭრით არ აქვს დღემდე შემორჩენილი უძველესი ხის სტრუქტურის სტატუსი. ევროპაში აღმოჩენილია ამავე პერიოდის 40 სხვა ჭაც. ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ უფრო ძველიცაა. მათ შორის არის უნგრეთის ქალაქ შაიოსენტპეტერში აღმოჩენილი ჭა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5400 – 5200 წლებით თარიღდება; ასევე უნგრეთში, ქალაქ ტისაკურტში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ჭა, რომელიც ძვ. წ. 5600 – 5400 წლებშია აგებული.
თუმცა, როგორც მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, უნგრეთის ჭები დენდროქრონოლოგიური მეთოდით არ არის დათარიღებული და შესაბამისად, შედეგები ნაკლებად სანდოა.
კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია radio.cz-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.