ათწლეულებით ადრე, სანამ გავიგებდით, რომ ფრინველებს დედამიწის მაგნიტური ველის „დანახვა“ შეუძლიათ, ამ ჯერ აღმოუჩენელი სუპერშეგრძნების შესაძლებლობას ალბერტ აინშტაინი გულშემატკივრისთვის მიწერილ წერილში განიხილავდა.
დიდი ხნის წინ დაკარგული წერილი, რომელიც სახელგანთქმულმა მეცნიერმა 1949 წელს ცნობისმოყვარე ინჟინერს მისწერა, შეიცავს გასაოცარ წინასწარმეტყველებას როგორც ბიოლოგიის, ისე ფიზიკის დარგებში.
ინჟინერ გლინ დევისის მიერ მიწერილი პირველი წერილი დაკარგულია, მაგრამ მისი კითხვის საპასუხოდ აინშტაინის მიერ მიწერილი წერილი შეიცავს ვარაუდებს ცხოველების აღქმისა და ამის ფიზიკურ სამყაროს კავშირის შესახებ.
„საფიქრებელია, რომ გადამფრენი ფრინველებისა და საფოსტო მტრედების ქცევის შესწავლამ ერთ მშვენიერ დღეს გაგვარკვიოს იმ ფიზიკურ პროცესებში, რომლებიც ჯერ უცნობია“, — წერს აინშტაინი საპასუხო წერილში.
ახლა, 70-ზე მეტი წლის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ აინშტაინი არ ცდებოდა. მტკიცებულებები უკვე მიუთითებს, რომ ფრინველებს შეუძლიათ დედამიწის მაგნიტური ველის აღქმა და ამას ისინი თვალებში არსებული სპეციალური ფოტორეცეპტორებით ახერხებენ, რომლებიც მგრძნობიარეა პლანეტის მაგნიტური ველის ოდნავი ცვლილებების მიმართ. სწორედ ამ უნარის წყალობით გადაადგილდებიან ისინი ათასობით კილომეტრზე ისე, რომ არ იკარგებიან.
პლანეტის მაგნიტური ველის აღქმის უნარს ასევე აჩვენებენ სხვა ცხოველებიც, მაგალითად, ზღვის კუები, ძაღლები და ფუტკრები, მაგრამ არა აუცილებლად თვალებით.
„გასაოცარია, რომ აინშტაინი ამ შესაძლებლობაზე ფიქრობდა, თანაც ათწლეულებით უფრო ადრე, ვიდრე ემპირიული მტკიცებულებები დაადასტურებდა, რომ ზოგიერთ ცხოველს მართლაც შეუძლია მაგნიტური ველის აღქმა და ამ ინფორმაციის ნავიგაციისთვის გამოყენება“, — წერენ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევრები.
მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის ლაურეატს ამ მიმართულებით უკვე გააჩნდა გარკვეული მოსაზრებები. წერილის დაწერის დროს, ბიოლოგია და ფიზიკა ერთმანეთთან ისეთ დაახლოებას იწყებდა, როგორც არასდროს. ღამურების ექოკოლაციის უნარი ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს, რადარული ტექნოლოგია კი ჯერ მაშინ ისახებოდა.
უფრო მეტიც, დევისი ამ მიმართულების მკვლევარი იყო და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული სხვა ცხოველთა უცნაური შეგრძნებებით, მაგალითად, რასაც ფუტკრები მიუთითებდნენ.
აინშტაინში ის თანამოაზრეს ხედავდა. როგორც ჩანს, ბიოლოგიით სახელგანთქმული ფიზიკოსიც იყო მოჯადოებული, რადგან მას ერთგვარ ფანჯრად ხედავდა უხილავი ფიზიკური ძალებისკენ.
საპასუხო წერილი, რომელიც მხოლოდ დევისის სიკვდილის შემდეგ, 2011 წელს აღმოაჩინეს, მოკლეა, მაგრამ ადასტურებს, რომ აინშტაინი ასევე მოხიბლული იყო ფუტკრების ქცევით.
საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ წერილში, აინშტაინი აღიარებს, რომ კარგად იცნობს კარლ ფონ ფრიშს, გერმანელ-ავსტრიელ ეთოლოგს, რომელსაც ახალი დადგენილი ჰქონდა, რომ ფუკტრები სინათლის პოლარიზაციის მახასიათებელთა გამოყენებით გადაადგილდებიან.
ცნობილია, რომ ამ წერილის დაწერამდე ექვსი თვით ადრე, აინშტაინი პრინსტონის უნივერსიტეტში დაესწრო ფონ ფრიშიც ერთ-ერთ ლექციას. მკვლევარს ის პირადადაც შეხვდა და აშკარაა, რომ ამ ურთიერთობამ აინშტაინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც ჩანს, დევისი ყველაზე მეტად იმით იყო დაინტერესებული, როგორ შეიძლებოდა ამ ახალი ბიოლოგიური ცოდნის გამოყენება სამომავლო ტექნოლოგიებში, მაგრამ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო მეტი ბიოლოგიური კვლევა.
„ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს შედეგები ფიზიკის საფუძვლების კვლევაში გამოვიყენოთ. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ ფუტკრების ქცევის საფუძველზე გამოვლინდება სენსორული აღქმის ახალი სახე და მათი სტიმული“, — წერდა აინშტაინი.
ამ წერილის შემდეგ მრავალი რამ გაირკვა ფუტკრების ქცევისა და ამ მწერების მიერ სამყაროს აღქმის შესახებ. ზუსტად ისე, როგორც აინშტაინი პროგნოზირებდა, ეს ცოდნა უკვე გვეხმარება ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში; ამის მაგალითია თუნდაც iPhone-ის კამერები.
მიუხედავად ათწლეულობით მიმდინარე კვლევისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება იდუმალებით მოცული. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით ის ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ცხოველები სინათლეს ან დედამიწის მაგნიტურ ველს აღიქვამენ; თანაც, ყველა სახეობაში ეს შეიძლება ერთნაირი არ იყოს.
მაგალითად, როგორც ჩანს, ფუტკრები მაგნიტურ ველს მუცლით აღიქვამენ, ფრინველები და ძაღლები კი ამას ძირითადად თვალებში არსებული სპეციალური ფოტორეცეპტორებით, კრიპტოქრომებით ახერხებენ.
კრიპტოქრომებს ადამიანის უჯრედებიც წარმოქმნის და როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ეს უჯრედები დინამიკურად ეპასუხება ცვლილებებს მაგნიტურ ველში.
ირონიულია, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც უნიკალური კვანტური რეაქციისგან უნდა ელოდე. იმისათვის, რათა ფოტორეცეპტორმა მაგნიტური ველი აღიქვას, საჭიროა უჯრედში არსებულ ელექტრონთა წაგრძელება; იმ დროისათვის აინშტაინი ამ იდეას უარყოფდა.
რა თქმა უნდა, აინშტაინი ყოველთვის მართალი არ იყო, მაგრამ ხშირად უზუსტეს პროგნოზებს აკეთებდა მისი სფეროს მიღმა მეცნიერებებშიც.
კვლევა Journal of Comparative Physiology A-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.