დღე, როდესაც აინშტაინმა და მზის დაბნელებამ ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
დღე, როდესაც აინშტაინმა და მზის დაბნელებამ ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა

1919 წლის 29 მაისს, მზის დაბნელებამ სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა გრავიტაციის შესახებ, გადაწერა ფიზიკის კანონები და მსოფლიო აღიარება მოუტანა 40 წლის ერთ გაწეწილთმიან მეცნიერს.

ალბერტ აინშტაინისთვის მართლაც კარგი დღე იყო.

1919 წელს სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში მომხდარმა მზის დაბნელებამ მოგვცა პირდაპირი მტკიცებულება გრავიტაციის შესახებ აინშტაინის ამაღელვებელი თეორიისათვის. 1915 წელს, მან წამოაყენა თეორია, რომ გრავიტაცია კოსმოსში მოქმედი შემზარავი ძალა კი არ არის, არამედ სივრცისა და დროის დედაარსია.

გრავიტაცია ღუნავს და ამრუდებს სამყაროს სტრუქტურას.

აინშტაინის თეორიას — ფარდობითობის ზოგად თეორიას მიესალმა ფიზიკოსი ჯოზეფ ჯონ თომსონი, რომელმაც მას ადამიანის აზროვნების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა უწოდა.

საუკუნის განმავლობაში თეორია სხვა მრავალმა დაკვირვებამ დაადასტურა. მათ შორის, აინშტაინის თეორია კიდევ ერთხელ დაამტკიცა ორი წლის წინ დაფიქსირებულმა კი გრავიტაციულმა ტალღებმა და რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულმა შავი ხვრელის პირველმა ფოტომ. ამ თეორიამ სამყაროს ფუნდამენტური კოდი გაშიფრა.

თუმცა, რაღაც მაინც დარჩა რაღაც, რაშიც თეორია ბოლომდე მართებული არ აღმოჩნდა.

მიიჩნეოდა, რომ მართალი იყო აინშტაინის მოსაზრება სამყაროს ერთობლიობის შესახებ, მაგრამ ღრმა კოსმოსის ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა და ატომების დონეზე ჩატარებულმა კვლევებმა აღმოაჩინა ადგილები, სადაც მისი თეორია უძლურია, არ მუშაობს.

მაგალითად, აინშტაინის განტოლება გვთავაზობს, რომ შავ ხვრელში მატერია და ენერგია იმდენად შეკუმშული ხდება, რომ ისინი უსასრულო სიმკვრივეს აღწევენ. თუმცა, რას ნიშნავს ეს? თეორეტიკოსები ეჭვობენ, რომ საჭიროა უკეთესი თეორია.

ლოს-ალამოსის ეროვნული ობსერვატორიის ფიზიკის თეორეტიკოსის, ემილ მოტოლას განცხადებით, მას შემდეგ, რაც რიცხვები უსასრულო ხდება, ამ წერტილის მიღმა რამის ანგარიში უკვე შეუძლებელია, კარგავ ყველანაირ კონტროლს. ეს სულაც იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებას ამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ძალიან საეჭვოა.

იგივე პრობლემამ იჩინა თავი, როცა კოსმოლოგებმა გასული 13 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამყაროს გაფართოების შესწავლა დაიწყეს და სივრცისა და დროის დასაწყისს, ე. წ. დიდ აფეთქებას მიადგნენ. აინშტაინის თეორია დიდად კარგად არც იქ მუშაობდა.

ზოგადი ფარდობითობა, სულ მცირე ფიზიკის თეორეტიკოსებს შორის მაინც, ვერ ხსნის, როგორ მოქმედებს გრავიტაცია უმცირეს მასშტაბებში, სუბატომურ ნაწილაკთა სამყაროში.

პირდაპირი დაკვირვება არასოდეს განხორციელებულა ბნელ მატერიაზე, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მიუთითებს ამ უკანასკნელის გრავიტაციული ეფექტები, მაგალითად, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების მოძრაობაზე. ფიზიკის თეორეტიკოსის, ლი სმოლინის განცხადებით, შესაძლებელია ის იყოს გრავიტაციული ძალების გარკვეული მოდიფიკაცია, რომლის შესახებაც აინშტაინს არ უწინასწარმეტყველებია.

კიდევ ერთი კოსმოსური საიდუმლოება — ბნელი ენერგია არის რაღაც, რაც სამყაროს გაფართოების აჩქარების პროცესს მართავს. ანტიგრავიტაციის მსგავსი ეს აჩქარება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს და როგორც ის მიუთითებს, სამყარო გაფართოებას სამუდამოდ გააგრძელებს. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

„არ ვიცით. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მას ბნელ ენერგიას. ვფიქრობ, მრავალი ასეთი საიდუმლოების ამოხსნას ჩემს სიცოცხლეში მოვესწრები. ყველაფერს სჭირდება თეორია, რომელიც შემდეგ ექსპერიმენტებით დადასტურდება. საჭიროა თეორიები, რომლებსაც აქვს პროგნოზები“, — ამბობს ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორი გაბრიელა გონსალესი.

სწორედ აქ ვბრუნდებით კვლავ აინშტაინთან და მზის დაბნელებასთან.

აინშტაინი სამეცნიერო საზოგადოებაში 1905 წელს გამოჩნდა განსაცვიფრებელ კვლევათა სერიებით, რომლებიც უკუაგდებდა კლასიკურ შეხედულებებს სივრცისა და დროის შესახებ. თუმცა, უდიდესი მიღწევის დრო ათი წლის შემდეგ, 1915 წელს დადგა, როცა მან გრავიტაციის მმართველი განტოლებები შეადგინა.

მხოლოდ საკუთარი გონების წყალობით, აინშტაინმა გაარკვია სამყაროს ფუნდამენტური მახასიათებლები. თუმცა, იყო თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე? იქნებ ეს განტოლებები უბრალოდ მათემატიკური ილუზია იყო, რაც დამაჯერებლად ჩანდა ქაღალდზე, მაგრამ არ შეესაბამებოდა ფიზიკურ რეალობას?

აინშტაინმა საზოგადოებას ექსპერიმენტული ტესტი შესთავაზა. მზის დაბნელებას უნდა დაებლოკა მისი სინათლე, რა დროსაც მეცნიერებს მზის სიახლევს გამავალი ვარსკვლავის სინათლის შესწავლა შეეძლებოდათ. მისი თეორია პროგნოზირებდა, რომ მზის გრავიტაციულ ველს მის უკან მოქცეული ვარსკვლავების სინათლე მნიშვნელოვნად უნდა გადაეადგილებინა იმ ადგილიდან, სადაც ისინი გრავიტაციის კლასიკური თეორიების შესაბამისად უნდა ყოფილიყო.

ბრიტანელი ასტრონომი არტურ ედინგტონი, გაუძღვა ექსპედიციას, რომელიც დაბნელებას ორი ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა — ერთი ბრაზილიიდან და მეორე აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ პრინსიპიდან.

ვარსკვლავებმა მხარი აინშტაინს დაუჭირეს.

1919 წლის ნოემბერში, ასტრონომმა ფრენკ დაისონმა დაკვირვებათა შედეგები გამოაქვეყნა. გაზეთების პირველი გვერდები ამ ამბით აჭრელდა, აინშტაინი კი მთელ პლანეტაზე ცნობილი მეცნიერი დარჩა.

აინშტაინის ბიოგრაფიის ავტორი, ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი უოლტერ აიზეკსონი აღწერს საუბარს აინშტაინსა და თავის სტუდენტს, ილსე შნაიდერს შორის. საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მისი თეორია დადასტურდა. როგორც შნაიდერი იხსენებს, მან აინშტაინს ჰკითხა, რა განცდა დაეუფლებოდა, თუკი მზის დაბნელებაზე ჩატარებული დაკვირვებები მის თეორიას უარყოფდა.

„შევწუხდებოდი, მაგრამ თეორია სწორია“, — უპასუხა აინშტაინმა.

როგორც მოტოლა აღნიშნავს, ჯერ კიდევ ევკლიდესა და არისტოტელეს დროიდან მოყოლებული, სივრცე და დრო სამყაროში მიმდინარე მოვლენების პასიურ ეტაპად მიიჩნეოდა, რომელზეც გავლენას ვერ ახდენდა პლანეტებისა და ვარსკვლავების გაჩენა-გაქრობა. თუმცა, აინშტაინმა თქვა, რომ ეს ასე არ იყო — სივრცესა და დროზე გავლენას ახდენდა მატერია; უფრო მეტიც, გამრუდებული სივრცის გეომეტრიას სინათლეც კი ემორჩილება.

თანამედროვე მეცნიერება სწორედ ამ კოსმოსურ სიმართლეზეა დამოკიდებული. ზოგად ფარდობითობას მხედველობაში იღებენ კოსმოსურ ხომალდთა ტრაექტორიების შედგენისას. ასეა GPS-იც, სამხედრო ტარგეტირებაც.

აინშტაინის თეორიას საოცარი ეფექტები აქვს არა მხოლოდ შავ ხვრელებზე, არამედ ზოგადად, სამყაროში არსებულ ეგზოტიკურ საგნებზე. თუმცა, აინშტაინის თეორიის ყველაზე ამაღელვებელი დადასტურება შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისას მოხდა.

გრავიტაციული ტალღების არსებობა აინშტაინმა თავის დროზე იწინასწარმეტყველა. საუკუნის შემდეგ, ეს ტალღები მეცნიერებმა მართლაც იპოვეს.

სამყაროში სიურპრიზები ამოუწურავია და ფიზიკოსებს საქმე მუდმივად აქვთ. დროთა განმავლობაში, კითხვები სულ უფრო რთულდება.

მომზადებულია he Washington Post-ის მიხედვით.