აინშტაინის თეორია 4200 სინათლის წლით დაშორებულმა სამმაგმა ვარსკვლავურმა სისტემამაც დაადასტურა
აინშტაინის თეორია 4200 სინათლის წლით დაშორებულმა სამმაგმა ვარსკვლავურმა სისტემამაც დაადასტურა

ალბერტ აინშტაინი დარწმუნებული იყო, რომ გრავიტაციულ ველში ყველა ობიექტი ერთი და იმავე გზით ვარდება, მიუხედავად მათი საკუთარი გრავიტაციისა. მას ეკვივალენტურობის პრინციპს ეძახიან. მისი მოქმედება მეცნიერებმა ახლახან კიდევ ერთხელ დაამტკიცეს 2012 წელს აღმოჩენილი შორეული სამმაგი ვარსკვლავური სისტემის გამოყენებით.

სისტემა შეიცავს ერთმანეთის გარშემო ახლო მანძილიდან მოძრავ ნეიტრონულ ვარსკვლავსა და თეთრ ჯუჯას, ასევე მათგან უფრო შორს მდებარე კიდევ ერთ თეთრ ჯუჯას, რომელიც ამ წყვილის გარშემო მოძრაობს. როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ორივე შიდა ვარსკვლავის აჩქარება თითქმის ერთნაირია, რაც კარგად ჯდება ეკვივალენტურობის პრინციპში, როგორც ამას აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ხსნის.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, ამ აღმოჩენით მიღებული შედეგები ათჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე წინა მსგავსი დაკვირვებებისა. ამ დრომდე, ზოგიერთ მეცნიერს მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ 100 წლის წინ, აინშტაინი მართალი იყო გრავიტაციის შესახებ. შესაძლოა, აღმოჩენამ ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე დებატები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს.

ამ ვარსკვლავების სახელი PSR J0337+1715-ია. აღნიშნული ექსპერიმენტისთვის ისინი განსაკუთრებით გამოსადეგია, რადგან იქ არსებულ ნეიტრონულ ვარსკვლავს უზარმაზარი თვითგრავიტაცია აქვს, რაც გამორიცხულია მზის სისტემაში მოძრავი ობიექტების შემთხვევაში. შედეგად, ფარდობითობის ზოგადი თეორია გაცილებით მკაცრი ტესტი ხდება.

„ეს ვარსკვლავური სისტემა უნიკალურია. ჩვენთვის მეორე ასეთი არ არსებობს. წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ აინშტაინის თეორიები“, — ამბობს გრინ-ბენკის ობსერვატორიის მკვლევარი რაიან ლინჩი.

ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებული 800 დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შემდეგ, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ გარეთ მდებარე თეთრ ჯუჯაზე გავლენას არ ახდენდა ბინარულ (ორმაგ) ვარსკვლავთა შიდა ორბიტა. ეს ორი ვარსკვლავი სივრცეში ზუსტად ერთნაირად მოძრაობდნენ.

სწორედ ეს ფაქტი გახლავთ აინშტაინის არგუმენტის მთავარი საყრდენი — გრავიტაცია, როგორც ეფექტი დრო-სივრცის გეომეტრიაზე, უნივერსალური გზა, რომელსაც ყველანაირი მატერია ემორჩილება.

მაგალითად, ვაკუუმში, ერთი და იგივე სიმაღლიდან ჩამოგდებული ბუმბული და ჩაქუჩი ზედაპირს ერთდროულად ეცემა. 1971 წელს ეს ექსპერიმენტი ასტრონავტმა დეივ სკოტმა ყველას აჩვენა მთვარეზე.

ამ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი ჩაქუჩია, შიდა თეთრი ჯუჯა კი ბუმბული. ნათელი ხდება, რომ მაღალმასიანი სხეულები ზუსტად იმავე მაჩვენებლით „ვარდებიან“, რითაც დაბალმასიანები. ეს კი ეკვივალენტურობის პრინციპის საკვანძო კომპონენტია.

ის, რომ აინშტაინის თეორიას გამუდმებით ამყარებს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერული მტკიცებულება, არ ნიშნავს, რომ მისი შემოწმება უნდა შეწყდეს. ტესტირებები ხშირად ამჟღავნებს ახალ, მომაჯადოებელ ცნობებს სამყაროს შესახებ.

წლის დასაწყისში, მეცნიერთა ჯგუფმა აჩვენა, რომ დედამიწა სივრცეს მუდმივი, მდგრადი მაჩვენებლით მიაპობს და გავლენას არ ახდენს მზის, იუპიტერისა და სხვა კოსმოსურ ობიექტთა გრავიტაცია. სწორედ ასე ფიქრობდა თავის დროზე აინშტაინიც.

აღნიშნული მოსაზრება ამჯერად გაამყარა ჩვენგან 4200 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სამმაგმა ვარსკვლავურმა სისტემამ.

რაც უფრო მეტი მონაცემები მოდის ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისის „გაიასგან“, ისევე როგორც სხვა მისიებისგან, უფრო ფართოვდება ჩვენი თვალთახედვის არეალი სამყაროს ფიზიკის შესახებ. თუმცა, აინშტაინის წინააღმდეგ წასვლა ამ დრომდე ვერც ერთმა აღმოჩენამ შეძლო.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია greenbankobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.