აღმოჩენილია უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც გარს აკრავს დედამიწის ბირთვს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეშ არსებული გეოლოგიის ამ დროისათვის ყველაზე მაღალი გარჩევადობის რუკა შეადგინეს, რამაც გამოავლინა რაღაც აქამდე უცნობი: უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც შესაძლოა, ბირთვზე იყოს შემოხვეული.
ეს თხელი, მაგრამ მკვრივი ფენა ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კილომეტრის სიღრმეშია განთავსებული, სადა გამდნარი, ლითონის გარე ბირთვი მდებარეობს, მის ზემოდან კი კლდოვანი მანტია აკრავს. ეს გახლავთ ბირთვი-მანტიის საზღვარი (CMB).
იმის დადგენა, თუ რა არის ჩვენს ფეხებქვეშ, თანაც რაც შეიძლება მეტი დეტალებით, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი რამის შესასწავლად, ვულკანური ამოფრქვევებით დაწყებული, დედამიწის მაგნიტური ველით დამთავრებული, რომელიც მზის რადიაციისგან გვიცავს.
„სეისმური კვლევები, როგორიც ჩვენი ეს კვლევაა, ჩვენი პლანეტის წიაღის სტრუქტურის უმაღლესი რეზოლუციის ვიზუალიზაციას გვთავაზობს; ამ დროს ვიგებთ, რომ ეს სტრუქტურა ძირითადად იმაზე რთულია, ვიდრე ერთ დროს გვეგონა“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის გეოლოგი სამანტა ჰანსენი.
სამი წლის განმავლობაში მომხდარ მიწისძვრათა სეისმური ტალღების რუკაზე დასატანად, ჰანსენმა და მისმა კოლეგებმა ანტარქტიდის ყინულში ჩაფლული 15 სამეთვალყურეო სადგური გამოიყენეს. ამ ტალღების მოძრაობა და ასხლეტა ცხადყოფს დედამიწის წიაღში არსებულ მასალათა შემადგენლობას. ვინაიდან ბგერის ტალღები ამ ზონებში უფრო ნელა მოძრაობენ, მათ ულტრანელი მოძრაობის ზონებს უწოდებენ (ULVZ).
„ანტარქტიდაზე შეგროვებული ათასობით სეისმური ჩანაწერის ანალიზით, ჩვენმა მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მეთოდმა მიაგნო მატერიის თხელ, ანომალიურ ზონებს ბირთვი-მანტიის საზღვარზე ყველგან, სადაც კი შევამოწმეთ“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ედუარდ გარნერო.
მისი განცხადებით, მატერიის სისქე რამდენიმე კილომეტრიდან ათეულობით კილომეტრამდე მერყეობს. ეს კი მიუთითებს, რომ ჩვენ წინაშეა ბირთვში მთები, ზოგიერთ ადგილას ევერესტზე ხუთჯერ მაღალიც კი.
მკვლევართა თქმით, დიდი ალბათობით, ეს ულტრანელი მოძრაობის ზონები მილიონობით წლის განმავლობაში ჩამარხული ოკეანური ქერქია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაძირული ქერქი ახლოს არ არის ზედაპირზე არსებულ, შეცნობად სუბდუქციურ ზონებთან (ზონები, სადაც მოძრავი ტექტონიკური ფილები ქანებს აწვება და დედამიწის წიაღში ჩააქვს), კვლევისას ჩატარებულმა სიმულაციებმა აჩვენა, როგორ უნდა ჩაეტანა კონვექციურ დინებებს უძველესი ოკეანის ფსკერი მის ამჟამინდელ ადგილამდე.
სეისმურ მოძრაობებზე დაყრდნობით ძნელია დასკვნების გაკეთება ქანების ტიპისა და მოძრაობის შესახებ და შესაბამისად, მკვლევრები სხვა ვარიანტსაც არ გამორიცხავენ. თუმცა, ოკეანის ფსკერის ჰიპოთეზა ულტრანელი მოძრაობის ზონებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ლოგიკურ ახსნად ჩანს.
არსებობს ვარაუდი, რომ ოკეანის ეს უძველესი ფსკერი შეიძლება მთლიან ბირთვს აკრავს, მაგრამ რადგან ის ძალიან თხელია, დაზუსტებით ამის გარკვევა ძნელია. ზოგად სურათს ახალი დეტალები შეიძლება სამომავლო კვლევებმა შესძინოს.
ერთ-ერთი რამ, რაშიც ეს აღმოჩენა გეოლოგებს შეიძლება დაეხმაროს, არის იმის გარკვევა, როგორ გადმოდის ცხელი, მკვრივი ბირთვიდან სითბო მანტიაში. ამ ორ შრეს შორის შემადგენლობაში სხვაობა გაცილებით დიდია, ვიდრე ზედაპირის მყარ ქანებსა და მის ზემოთ არსებულ ჰაერს შორის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ua.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.