ავსტრალიის ქვეშ დედამიწის ქერქის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი ნაჭერი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ავსტრალიის ქვეშ დედამიწის ქერქის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი ნაჭერი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებს მრავალი სახის მინიშნების გამოყენება შეუძლიათ იმის დასადგენად, თუ რა იმალება დედამიწის ზედაპირქვეშ, თანაც ყოველგვარი გათხრების გარეშე; მათ შორის არის ადამიანის თმის ღერზე წვრილი სუპერლაზერით პლაჟის ქვიშაში არსებული მინერალების მოწვა.

ეს მეთოდი გამოიყენეს ახალ კვლევაში, რომელმაც მიუთითა დედამიწის ქერქის დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინანდელ ნაჭერზე; ის დაახლოებით ირლანდიის ზომისაა, განთავსებულია დასავლეთ ავსტრალიის ქვეშ და უკვე ათასობით მილიონი წელიწადია, გავლენას ახდენს ამ რეგიონის გეოლოგიურ ევოლუციაზე.

მან შეიძლება მოგვაწოდოს მინიშნებები იმის შესახებ, როგორ გახდა ჩვენი პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი.

მკვლევართა აზრით, ქერქის ამ უზარმაზარ ნაჭერს ძლიერი გავლენა უნდა მოეხდინა ქანების ფორმაციაზე, რადგან პირველად გამოჩნდა ახალთან შერეული ძველი მასალები, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პროტოქერქული წარმონაქმნები და გადაურჩნენ მთების წარმომქმნელ მრავალ მოვლენას.

„როდესაც ჩვენი აღმოჩენები უკვე არსებულ მონაცემებს შევადარეთ, გამოჩნდა, რომ მსოფლიოს მრავალ რეგიონს აღენიშნება ადრეული ქერქის ფორმირებისა და შენარჩუნების დროის იგივე პერიოდები“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის კურტენის უნივერსიტეტის დოქტორანტი მაქსიმილიან დროელნერი.

მისი განცხადებით, ეს მიუთითებს დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დედამიწის ევოლუციაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რადგან მეტეორიტული ბომბარდირება შეწყდა, ქერქი დასტაბილურდა და დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა.

ლაზერების გამოყენებით ააორთქლეს მინერალ ცირკონის მარცვლები ნიმუშებში, რომლებიც დასავლეთ ავსტრალიის მდინარეებიდან და პლაჟებიდან აიღეს.

ეს მეთოდი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, მარცვლები დაათარიღონ და შემდეგ სხვებს შეადარონ, რათა გაარკვიონ, თუ საიდან შეიძლება მოდიოდნენ ისინი.

ამის წყალობით, მკვლევართა ჯგუფმა ცნობები მიიღო ამ კონკრეტულ რეგიონში დედამიწის ზედაპირქვეშ კრისტალური საძირკვლის შესახებ. ეს კი აჩვენებს, სად ეროდირდა მარცვლები თავდაპირველად, მათ წარმომქმნელ ძალებს და როგორ ყალიბდებოდა რეგიონის გეოლოგია დროთა განმავლობაში.

უმნიშვნელოვანესია თავად ის ფაქტი, რომ დაახლოებით 100 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის პროტოქერქი ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ბლოკის საზღვრები მეცნიერებს დაეხმარება იმის დადგენაშიც, რა იმალება დედამიწის ზედაპირქვეშ და როგორ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ის დღევანდელ მდგომარეობამდე.

„როგორც ჩანს, ქერქის უძველესი ნაჭრის კიდე განსაზღვრავს ქერქის საზღვარს, რომელიც აკონტროლებს, თუ სად გვხვდება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მინერალები. ამ უძველეს ქერქულ ნარჩენთა იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია სამომავლოდ მდგრადი რესურსების კვლევის ოპტიმიზებისთვის“, — ამბობს კვლევის ზედამხედველი, კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგი მილო ბარჰამი.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ოთხი მილიარდი წლის შემდეგ, დედამიწის თავდაპირველი ქერქის არც ისე ბევრი ნაწილია შემორჩენილი. ამის გამო, ასეთი აღმოჩენები ზედმეტად საინტერესო და გამოსადეგია — მნიშვნელოვან ფანჯარას გვთავაზობს შორეულ წარსულში.

დედამიწის ქერქის გადაადგილებისა და და მის ქვეშ არსებული ცხელი მანტიის მოძრაობის პროგნოზი და რეტროსპექტულად გამოსახვა რთულია. ამიტომ, როდესაც წიაღისეულის მოძრაობისა და გეოლოგიის მტკიცებულებებს ზედაპირზე პოულობენ, მეცნიერებს მათი გამოყენების დიდი სურვილი უჩნდებათ.

ამას გარდა, ამ კვლევის შედეგები ასევე შეიძლება დაეხმაროს სხვა პლანეტების მკვლევრებსაც, რათა გაარკვიონ, როგორ წარმოიქმნა ის პლანეტები, როგორ მიიღო ფორმა მათმა ადრეულმა ქერქმა და ისიც კი, როგორ შეიძლება აღმოცენებულიყო იქ არამიწიერი სიცოცხლე.

„უზარმაზარი დროის გამო, ადრეული დედამიწის შესწავლა რთულია, მაგრამ ეს არსებითად მნიშვნელოვანია დედამიწაზე სიცოცხლის მნიშვნელობის გასაგებად და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის საპოვნელად“, — ამბობს ბაჰრამი.

კვლევა Terra Nova-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.